შალვა პაპუაშვილი - ტიპური რუსული პროპაგანდაა, როდესაც ხდება ადამიანისთვის ტალახის სროლა, რაღაცის დაბრალება და შემდეგ მას თითქოს თავი აქვს სამართლებელი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საზოგადოებას აფრთხილებდნენ, რომ ოპოზიცია, განსაკუთრებით კი, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აწარმოებდა ნამდვილ წინასაარჩევნო კამპანიას და მოსალოდნელი იყო დისკრედიტაცია, დეზინფორმაციის გავრცელება.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნული კომენტარით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდებებს, რომ „რეგიონებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები სუსი-ს წარმომადგენლები არიან“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი კანდიდატების დისკრედიტაციას ემსახურება.
„ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ ოპოზიცია, განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეხება ეს, საერთოდ არ აწარმოებს ნამდვილ წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე მოსალოდნელი იყო „მედიური“ საარჩევნო კამპანია, რომელიც მთლიანად დაფუძნებული იქნებოდა დისკრედიტაციაზე, დეზინფორმაციაზე, ზიზღის ენაზე. ამის მოწმე ვართ ახლა ჩვენ, მათ შორის ამ შაბათ-კვირასაც კიდევ ერთხელ გავხდით ამის მოწმე, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ გადართულია სრულად ზიზღის ენასა და დისკრედიტაციაზე.
რასაც ჩვენ ვისმენთ, ეს არის სრული ფაბრიკაცია, მათ შორის, ვხედავთ, რომ ამის შესახებ რაიმე მტკიცებულებებიც არ აქვთ ხოლმე. ერთადერთი მიზანი არის, რომ კიდევ ერთხელ მოახდინონ კანდიდატების დისკრედიტაცია, ვინაიდან ხვდებიან, რომ 2 ოქტომბერს არჩევნებს პირწმინდად წააგებენ. კანდიდატების სია საჯაროა. ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ადამიანები და ამ შემთხვევაში მედიის წარმომადგენლები, ტალახს ესვრიან ადამიანებს, ახდენენ მათ დისკრედიტაციას, ეს არის პროპაგანდის ტიპური ფორმა. პროპაგანდის, რომელიც ეფუძნება ჭორებს, მოგონილ ამბებს, როდესაც ცდილობენ, ადამიანებს მიაწოდონ რაღაც ამბავი, როგორც ფაქტი, სინამდვილეში, ეს ყველაფერი არის გამოგონილი.
სამწუხარო რეალობა, მათ შორის მედიაში არის ის, თითქოს უნდა ამტკიცო, რომ ეს ფაქტი არ არსებობს. ეს არის რეალობის ამოტრიალება და იმის, თუ ვინ რა უნდა ამტკიცოს. სამწუხარო რეალობაა ჩვენს მედიაში, როდესაც ხდება ადამიანებისთვის პირდაპირ რაღაცების დაბრალება, თითქოს მოლოდინია, რომ ამ ადამიანმა უნდა იმართლოს თავი. პროპაგანდა სხვა რამე კი არ არის, ეს ტიპური რუსული პროპაგანდაა, როდესაც ხდება ადამიანისთვის ტალახის სროლა, რაღაცის დაბრალება და თითქოს შემდეგ ამ ადამიანს თავი აქვს სამართლებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.