შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია მოსამართლეთა შერჩევაში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, ეს მათი მხრიდან იქნება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა
ოპოზიცია მონაწილეობას თუ არ მიიღებს მოსამართლეთა შერჩევაში, ეს მათი მხრიდან იქნება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ თუ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ მოსმენებში, შემდეგ ნუ იტყვიან, რომ პროცესი არ იყო ინკლუზიური.
„რაც შეეხება ოპოზიციას, განსაკუთრებით მათ, ვინც 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერია, მათი არ მონაწილეობა განხილვებში არის 19 აპრილის შეთანხმების პირდაპირი დარღვევა. ოპოზიციას ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში და საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობა მიეღოთ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა და გამწესება გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და ამოცანა, რაც აქვს საქართველოს პარლამენტს და მის წევრებს. ამის არ შესრულება არის სწორედ შეთანხმების დარღვევა, ამიტომ თუ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ მოსამართლეთა შერჩევაში, ეს იქნება მათი მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა.
რაც შეეხება ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათი განცხადებები ვნახეთ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას. მათ ერთ რამეს ვეტყვი, ნუ დაემსგავსებიან ისეთ ადამიანს, ვინც საკუთარ მშობლებს დახოცავს და შემდეგ მოსამართლეს შეწყალებას სთხოვს, რადგან ობოლია. ისინი თუ აქ არ დაესწრებიან მოსმენებს, შემდეგ ნუ იტყვიან, რომ პროცესი არ იყო ინკლუზიური. ამიტომ პროცესი რომ იყოს ინკლუზიური, ამ დღეებში როცა იქნება განხილვები, ისინი უნდა იყვნენ ამის მონაწილენი. შესაბამისად, ეს არის მათი ინტერესი. ჩვენთვის ამას სიმართლე გითხრათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ მოქალაქეებისგან დემოკრატიული მანდატი გვაქვს და ეს არის ჩვენი ვალდებულება, საქართველოს მოქალაქეების სახელით შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატები და ჩვენ ამ მანდატს განვახორციელებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.