შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია დღემდე ვერ აცნობიერებს, რომ ისინი არიან არა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტში, არამედ ხალხის მანდატით აღჭურვილი პარლამენტის წევრები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რამდენიმე პუნქტი უკვე შესრულებულია.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სრულად არის შესრულებული პუნქტი, რომელიც ეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულ გამოყენებას სასამართლო პრაქტიკაში.
„იცით, რომ, გენდერული თანასწორობის კუთხით, რამდენიმე ცვლილება მივიღეთ, მათ შორის კონცეფციაც დავამტკიცეთ და ა.შ. მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მრავალპარტიული თანხმობით იქნა მიღებული ცვლილებები. არის ორი საკითხი, რომლebიც შეეხება სასამართლო რეფორმასა და დეოლიგარქიზაციას. ორივე საკითხი არის გაგზავნილი ვენეციის კომისიაში და, რა თქმა უნდა, ჩვენ დამოკიდებული ვართ, თუ რამდენად სწრაფად გვექნება პასუხი. ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა გვაცნობეს, რომ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით მარტში იქნება მათგან დასკვნა. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას და დეოლიგარქიზაციას, ჩვენი მხრივ, დავასრულეთ ამაზე მუშაობა, რადგან პროექტები არის ინიცირებული.
კანონის მორგება ადამიანზე არის არაევროპული მიდგომა, შესაბამისად, ყველა, ვინც ფიქრობს, რომ კანონი უნდა მოერგოს ადამიანს, ფიქრობს არალერევანტურად. რაც შეეხება სხვა საკითხებს, კიდევ ერთხელ, არის ორი საკითხი, რომელზეც ჩვენ დამოკიდებული ვართ ვენეციის კომისიის პასუხზე.
რაც შეეხება სახალხო დამცველისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, აქ დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ რამდენად კონსტრუქციული იქნება ოპოზიცია. იცით, რომ იყო პროცესი როგორც სახალხო დამცველზე, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, გასაუბრებები. ჩვენ ვნახეთ, რომ თავიდანვე ულტიმატუმი იყო დაყენებული. სამწუხაროდ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აღმოჩნდა ამ მხრივ ყველაზე დესტრუქციული როლის შემსრულებელი. როგორც სახალხო დამცველზე, ისე იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. თქვეს, რომ ან იქნება სამი კანდიდატიდან ომბუდსმენის არჩევა და ხუთი კანდიდატი, რომელიც დაასახელეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, აი, იმ ხუთი კანდიდატიდან უნდა აირჩნენ. ეს იყო პირდაპირ ულტიმატუმის წაყენება ოპოზიციისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე ვერ აცნობიერებს, რომ ისინი არიან არა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტში, არამედ არიან ხალხის მანდატით აღჭურვილი პარლამენტის წევრები. არ აფასებენ საკუთარ ამომრჩეველს, საბოლოო ჯამში, მაშინ, როდესაც ისინი ბრმად მიჰყვებიან რამდენიმე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ულტიმატუმს და ვნახეთ, ამ პირველ ეტაპზე ვერ შედგა კონსენსუსი.
თებერვალში კიდევ ვცდით. ერთი მხრივ, მოვუწოდებ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ აცადონ პარლამენტს იმ დემოკრატიული პროცესით, რომელიც პარლამენტში იმართება, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს აცადონ, ამ დემოკრატიული პროცესით იხელმძღვანელონ. მათი ჩართულობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ კომიტეტებში, როცა იქნება გასაუბრება და ა.შ. და, მეორე მხრივ, მოვუწოდებ პარლამენტის ყველა წევრს, რომ საკუთარი პასუხისმგებლობით იმოქმედონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.