შალვა პაპუაშვილი - ოპონენტების მხრიდან რიტორიკა შეცვლილია, იმედი გვაქვს, მოლაპარაკების მესამე რაუნდზე შეთანხმებას მივაღწევთ
შალვა პაპუაშვილი - ოპონენტების მხრიდან რიტორიკა შეცვლილია, იმედი გვაქვს, მოლაპარაკების მესამე რაუნდზე შეთანხმებას მივაღწევთ

პროგრესი არის. ვხედავთ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან რიტორიკა შეცვლილია. ამიტომ, იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში მესამე რაუნდი გაიმართება, სადაც ჩვენს ოპონენტებთან ერთად საკითხებს განვიხილავთ და რამე შეთანხმებას მივაღწევთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგები აღიარა როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, ისე ობიექტურმა ადგილობრივმა მისიებმა. ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სასურველია, მრავალპარტიული პარლამენტი შედგეს.

„ერთი რამეა მნიშვნელოვანი, როცა წითელ ხაზებზეა საუბარი. მთავარი წითელი ხაზი, რაც ამ დიალოგის დროს დგას, ეს ჩვენი ამომრჩევლების ნებაა. დღეისთვის ჩვენ უკვე შეგვიძლია მყარად ვთქვათ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები აღიარეს როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, ისე ობიექტურმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიებმა. შესაბამისად, რაიმენაირად გადახედვა ორი მილიონი ამომრჩევლის ნების, ეს იქნებოდა უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ამომრჩევლების უპატივისმცემლობა. ჩვენი განწყობაა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი იყოს, სადაც ასახული იქნება ჩვენი მოქალაქეების მრავალფეროვანი არჩევანი და ამ პარლამენტში ვიმუშაოთ. ამ განწყობას რაც შეესაბამება, ყველა შესაძლო გადაწყვეტილებისთვის მზად ვართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.