შალვა პაპუაშვილი - ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს პირადად ჩემთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ითხოვდნენ, დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, თუმცა დაცვის გარანტიებს არ გვაძლევდნენ
შალვა პაპუაშვილი - ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს პირადად ჩემთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ითხოვდნენ, დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის, თუმცა დაცვის გარანტიებს არ გვაძლევდნენ

ორწელიწად-ნახევარი ჩვენ საჯაროდ არ ვამბობდით, რომ დახურულ კარს მიღმა ჩვენგან ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. მათ შორის, ჩვენი უცხოელი ზოგიერთი აქტორი ამას არ ადასტურებდა ხოლმე ან გაურბოდა ამ საკითხზე პასუხის გაცემას. გავიდა ორწელიწად-ნახევარი და პირდაპირ რეზოლუციაში გაეპარათ ჩანაწერი, რომლითაც პირდაპირ ითხოვენ საქართველოსგან, ჩამოვაქციოთ ჩვენი ეკონომიკა და ქვეყანა დავაყენოთ სამხედრო კონფლიქტის რისკის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, რეზოლუციას ხმა მისცეს ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებში ხელისუფლებაში არიან, ამიტომ ეს მათი ხელისუფლებებისგან გამომდინარე პოზიციაა.

„ხანდახან უნდათ, მათ შორის, ცდილობენ უცხოელი პარტნიორებიც, ხანდახან საელჩოები, რომ დააკნინონ ამ რეზოლუციის მნიშვნელობა იმით, რომ ევროპარლამენტია, იქ დეპუტატები არიან და ა.შ. ამას ხმა მისცენ ქვეყნების წარმომადგენლებმა იმ პარლამენტში, იმ პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც კონკრეტულ ქვეყნებში ხელისუფლებაში არიან. ეს მათი ხელისუფლებებისგან გამომდინარე პოზიციაა და ამიტომ ამ მხრივაც არის მძიმე, რომ ეს რეზოლუციაში აღმოჩნდა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს პირადად მასთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრებზე პირდაპირ ითხოვდნენ, რომ სანქციები დაეწესებინა საქართველოს რუსეთისთვის, თუმცა დაცვის გარანტიებს არ იძლეოდნენ.

„ორწელიწად-ნახევარი ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობდით, არადა, ამაზე საუბარი დაიწყო ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს. როდესაც ჩემთან პირადად შეხვედრაზე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირდაპირ ითხოვდნენ არჩევას ბნელ და ნათელ მხარეებს შორის, ანუ სანქციასა და არასანქციას შორის, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის. მთელი ეს პერიოდი, განსაკუთრებით ერთი წელი, საგარეო ვიზიტებისას შეხვედრებზე სულ ამაზე გვიწევდა მსჯელობა და ახსნა, რომ აი, საქართველო, აი, რუსეთი, ჩვენ ვერ დავაკლებთ ვერაფერს, სამაგიეროდ, ჩვენ დაცული არ ვართ, თქვენ ნატო-ს წევრი ხართ, გაქვთ ატომური ბომბები, ჩვენ არც ატომური და არც არაატომური ბომბები არ გვაქვს, თქვენ ევროკავშირის წევრი ხართ და ერთმანეთს ფულით ეხმარებით, ჩვენ წყალობას თუ გადმოგვიგდებს ვინმე უცხოეთიდან ამ შემთხვევაში. ვეკითხებოდით, დაგვიცავთ? იომებთ? ფულს მოგვცემთ, თუ ეკონომიკა ჩამოიშალა? და გარანტიას არავინ არაფერზე არ გვაძლევდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმავე წყაროებიდან ფინანსდებიან, ვინც დახურულ კარს შიგნით ითხოვდა სანქციების დაწესებას, გარედან უკვე ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების პირით აიძულებდა ხელისუფლებას ამ ნაბიჯზე წასვლას.

„ეს იყო ყველაზე გულდამწყვეტი, რომ ეს საუბრები მიდიოდა შიგნით. ხედავდი, რამხელა წნეხი იყო და ხედავდი, გარეთ როგორ მუშაობდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმავე წყაროებიდან ფინანსდებიან, ვინც დახურულ კარს შიგნით ითხოვდა სანქციების დაწესებას და გარედან უკვე ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების პირით აიძულებდა ხელისუფლებას ამ ნაბიჯზე წასვლას.

შეგახსენებთ, ომის დაწყებიდან ორი-სამი დღე იყო, მგონი, გასული, იყო აქციები რუსთაველზე, სადაც ოპოზიცია, „ენჯეობი“, მაშინდელი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იდგნენ და ითხოვდნენ, გაგვეგზავნა სამხედროები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უნდა აფრენილიყო მთავრობის მიერ ორგანიზებულად ჯგუფი და თვითმფრინავი, CNN-ზე, BBC-ზე, „რია ნოვოსტიში“ თუ ასე შემდეგ გასულიყო ინფორმაცია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა მებრძოლებით სავსე თვითმფრინავი, რომელიც ახლა ჩაფრინდება უკრაინაში და იბრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს რა არის, თუ არა ომში ჩართვა?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.