შალვა პაპუაშვილი - ოლივერ ვარჰეის ვუთხარი, რომ ჩვენი მიზანია, ჩვენს მხარეს გადმოსროლილი ბურთი რაც შეიძლება მალე გადავაწოდოთ ევროკავშირს, რომ შემდეგ გვქონდეს პროგრესის შეფასების მოლოდინი
შალვა პაპუაშვილი - ოლივერ ვარჰეის ვუთხარი, რომ ჩვენი მიზანია, ჩვენს მხარეს გადმოსროლილი ბურთი რაც შეიძლება მალე გადავაწოდოთ ევროკავშირს, რომ შემდეგ გვქონდეს პროგრესის შეფასების მოლოდინი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკომისრის საქართველოში ჩამოსვლა არის მნიშვნელოვანი ვიზიტი მნიშვნელოვან დროს.

პაპუაშვილის თქმით, მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის კინკლაობის დრო, დღეს ყველა უნდა კონცენტრირდეს საერთო ეროვნულ ამოცანაზე.

„ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი მნიშვნელოვან დროს. მე ეს ვუთხარი კიდეც ევროკომისარს, რომ ფაქტობრივად, ის პროცესის შუაგულში ჩამოვიდა საქართველოში. დღესაც ვუთხარით, რომ მისი შეხვედრის შემდეგ, ყველა ვბრუნდებით დარბაზში და განვიხილავთ კანონპროექტებს, რომელიც სწორედ ამ 12 პუნქტს ეხება. მთავარი გზავნილი რაც არის, რომ დღეს არ არის წუწუნისა და კინკლაობის დრო. დღეს მნიშვნელოვანია, ყველა კონცენტრირდეს საერთო ეროვნულ ამოცანაზე, რასაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე მუშაობა. მისი დამოკიდებულება ცნობილია ზოგადად, რომ გულშემატკივარია ჩვენი წინსვლისა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ამიტომ, სწორედ ეს იყო გზავნილი, ჩვენი მხრივ მას მივცეთ ამის შესაძლებლობა, რომ ეს წინსვლის დახმარება მისგან კიდევ უფრო ინტენსიური იყოს.

მოვახსენეთ, სად ვდგავართ კანონპროექტების კუთხით, რა გეგმები გვაქვს. რა თქმა უნდა, დააფასა, რომ ჩვენ ვცდილობთ, სწრაფად ვიმუშაოთ. მე ვუთხარი კიდეც, რომ ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე ამ ყველაფერს ვუპასუხოთ და ჩვენს მხარეს გადმოსროლილი ბურთი ევროკავშირს უკან გადავაწოდოთ, რომ შემდეგ ჩვენი პროგრესის შეფასების მოლოდინი გვქონდეს ევროკავშირისგან. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირისთვის ზოგად კონტექსტშიც. ეკონომიკურ კონტექსტში, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი ნაწილისა, რათა ენერგომატარებლების ალტერნატიული გზებიდან მიწოდება მოხდეს ევროკავშირისთვის და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირისთვის, ეს კიდევ დამატებით როლს და ღირებულებას ანიჭებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.