შალვა პაპუაშვილი - ოკუპირებულ გალში კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს
კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პერსპექტივითაც შევხედოთ, რომ ოკუპაცია გუსლიოსხმობს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, არამედ ეს, უპირველეს ყოვლისა, გულისხობს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას იმ რეგიონებში, რომლებიც ოკუპაციის ქვეშ არის. ეს არის ის ზონა, რომელიც, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებულია, რომ არის რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, ოკუპაციის გამოწვევა ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის უფლებების მხრივ არის მძიმე მდგომარეობა.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში ადგილობრივი ე.წ. მილიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. სუს-ში განაცხადეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა.