შალვა პაპუაშვილი - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონთან დაკავშირებით ფაქტობრივი რეფერენდუმი 17 მაისს შედგა, როდესაც მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ამ კანონის მხარდასაჭერად გამოვიდა
შალვა პაპუაშვილი - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონთან დაკავშირებით ფაქტობრივი რეფერენდუმი 17 მაისს შედგა, როდესაც მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ამ კანონის მხარდასაჭერად გამოვიდა

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ფაქტობრივი რეფერენდუმი 17 მაისს შედგა, როდესაც მილიონამდე საქართველოს მოქალაქე გამოვიდა ამ კანონის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის კანონი.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს მე ხელი მოვაწერე და ნახეთ თქვენ, რომ გაისუსა მთლიანად ოპოზიცია და ქალბატონ სალომესაც ერთი სიტყვა ვერ დავაძვრევინეთ ამ კანონთან დაკავშირებით, რადგან ხვდებიან, რომ თვალებში ვერ შეხედავენ ქართველ ამომრჩეველსა და საქართველოს მოსახლეობას.

როდესაც კანონი, რომელიც ელემენტარულ საკითხებს ეხება და ეფუძნება საღ აზრს, ეფუძნება ჩვენს ქრისტიანულ, ქართულ და ევროპულ ტრადიციებს და ღირებულებებს, აი, ამ კანონს, როდესაც ხელს არ აწერ და ამ კანონს ეწინააღმდეგები, მაშინ ოპოზიცია სამარცხვინოდ გაიპარა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან, რა თქმა უნდა, მათ არაფერი სალაპარაკო არ აქვთ.

რაც შეეხება თავად კანონს, ამ კანონთან დაკავშირებით ფაქტობრივი რეფერენდუმი შედგა 17 მაისს, როდესაც მილიონამდე საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ქალაქებში გამოვიდა ამ კანონის მხარდასაჭერად. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანონი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.