შალვა პაპუაშვილი - ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის პროექტისადმი ვხედავთ დიდ მხარდაჭერას, იმედი მაქვს, ყველა პარლამენტარი მოიქცევა მოსახლეობის დაკვეთის შესაბამისად
მნიშვნელოვანია, ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები დეტალურად იქნეს განხილული მოსახლეობასთან და საკითხთან დაკავშირებით მათი მოსაზრებებიც გავიგოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ამბროლაურში, სადაც „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა უნდა გაიმართოს.
პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი ხალხის დაკვეთის შესაბამისად მოიქცევა.
„საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია აგრძელებს შეხვედრას მოსახლეობასთან. ჩვენ დღეს გვექნება შეხვედრა ამბროლაურში და გავაგრძელებთ შეხვედრებს სხვა ქალაქებში. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები დეტალურად იქნეს განხილული მოსახლეობასთან, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით მათი მოსაზრებებიც გავიგოთ, მივიტანოთ პარლამენტამდე და პარლამენტმა ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ რასაც ვხედავთ, ცვლილების ინიცირების შემდეგ არის დიდი მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რომ საჭიროა ეს ცვლილება. რა თქმა უნდა, ეს არის გზავნილი მთლიანად პარლამენტისთვის, მნიშვნელობა არა აქვს, უმრავლესობა იქნება ეს თუ ოპოზიცია. იმედი მაქვს, პარლამენტის ყველა წევრი მოიქცევა იმ დაკვეთის და ხმის შესაბამისად, რომელიც მოდის ჩვენი მოსახლეობიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ხალხს ესაუბრებიან იმ საკითხებზე, რასაც კანონპროექტი მოიცავს.
„ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება კანონპროექტს. კანონპროექტით გათვალისწინებული არის ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება ქორწინების, შვილად აყვანის საკითხს, ასევე სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხს. კანონპროექტი ამის ფარგლებში ითვალისწინებს ცვლილებებს. სხვათა შორის, მსგავსი კანონმდებლობა სხვადასხვა ქვეყანაში მიიღება. მარტო შარშან აშშ-ში 72 კანონი იქნა მიღებული სხვადასხვა შტატში, რომლებიც ეხებოდა, განსაკუთრებით საგანმანათლებლო პროცესში ლგბტ პროპაგანდისგან დაცვას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა. კონსტიტუციური კანონის პროექტით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. ამასთან, კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.