შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში გაემგზავრა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია 12-16 მარტს შეხვედრებს გამართავს.
პარლამენტის თავმჯდომარე შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ერიკ ნუსბაუმერს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ლიხტენშტაინის სამთავროში პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრთან, დენიელ რიხთან და ლიხტენშტაინის პარლამენტის პრეზიდენტთან, ალბერტ ფრიკასთან.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და უმრავლესობის წევრი ქეთევან ჩარკვიანი შედიან.