შალვა პაპუაშვილი - ნინო ლომჯარია უნდა ჩამოსცილდეს საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას, სტრასბურგის მიერ სახალხო დამცველის ტყუილში მხილება ყველაზე სამარცხვინო დამღაა
ნინო ლომჯარია იყო პოლიტიკოსი, რომელმაც სახალხო დამცველის აპარატს ზიანი მიაყენა, ამ ინსტიტუტის სრული პოლიტიზება მოახდინა, დაუკარგა მნიშვნელობა და მაღალი ღირებულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნის დროს ნინო ლომჯარია პოლიტიკურად მიკერძოებული პირი იყო. პაპუაშვილის თქმით, მათ შორის, სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ლომჯარია სააკაშვილთან დაკავშირებით ტყუილ დასკვნებს დებდა.
„როგორც იცით, სახალხო დამცველობის დროს მისი დასკვნა იყო, რომ ისეთია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკიდან გადაყვანა ან უცხოეთში გაგზავნა სჭირდებოდა. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ნინო ლომჯარია იტყუებოდა. ამ ტყუილის მიუხედავად, მას საზღვარგარეთ რამდენიმე ჯილდო მიენიჭა. საბოლოო ჯამში, გამომჟღავნდა, რომ სინამდვილეში ნინო ლომჯარი მაშინაც იყო პოლიტიკოსი, როდესაც აქ ბომბების წვიმას ითხოვდა და ასევე ითხოვდა, საქართველოს ხელისუფლებას მოხალისეები გაეგზავნა უკრაინაში.
გახსოვთ, ის იმ აქციის მონაწილე იყო, რომელიც ითხოვდა, საქართველოს მოხალისეები გაეგზავნა და ამით რუსეთთან ომში ჩართულიყო. ის იყო პოლიტიკოსი, რომელმაც, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის აპარატს ზიანი მიაყენა, რადგან ამ ინსტიტუტის სრული პოლიტიზება მოახდინა, მას ის მნიშვნელობა და მაღალი ღირებულება დაუკარგა, რაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ეს ინსტიტუტი დააზიანა. ამის იქით რა ფასი, რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ადამიანის სიტყვას, რომელიც სტრასბურგმა ტყუილში ამხილა? ამაზე მეტი დაბალი შეფასება რა უნდა მოხდეს, როცა სახალხო დამცველი მხილებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტყუილში? ამის შემდეგ რაზე უნდა ვისაუბროთ?
როდესაც სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და, პირველ ყოვლისა, სახელმწიფოს წინააღმდეგ ტყუილს ავრცელებს, სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდება იგულისხმებოდა, როდესაც სახელმწიფოსა და სიმართლე ესხმის თავს, ასეთი ადამიანი არათუ პოლიტიკაში უნდა შემოვიდეს, საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას. სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტყუილში მხილებული სახალხო დამცველი ყველაზე სამარცხვინო დამღაა, რაც კი შეიძლება, სახალხო დამცველს ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.