შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელიას, როგორც ჩანს, ეთაკილება თქმა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი, ამიტომ საქმეს დაარქვა „მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში ამ ეტაპისთვის ნიკა მელიას საქმეზე სარჩელის შესწავლა და საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია მიმდინარეობს.
პაპუაშვილის განმარტებით, შესაბამისად, სარჩელს ჯერ დასაშვებობის ეტაპი არ გაუვლია.
„პროცედურულად იცით, რომ ფორმალურად თუკი გამართულია, ხდება მისი შესწავლა. ახლა არის ეს ეტაპი, რომ ხდება სარჩელის შესწავლა, საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია. ასე რომ, ჯერ დასაშვებობის ეტაპი არ გაუვლია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ ნიკა მელიას საქმეს, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მის ქმედებას კანონის შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.
„რაც შეეხება ნიკა მელიას საქმეს, ეს ყველაფერი მოხდა ჩვენს თვალწინ, ჩვენ თვალწინ მოიხსნა სამაჯური, თქვა, რომ არ ემორჩილება ქართულ მართლმსაჯულებას, ჩვენ თვალწინ თქვა, რომ არ გადაიხდის გირაოს და ვერ დაიჭერენ. კანონის შესაბამისი პასუხი მოყვა ამ ყველაფერს.
შემდეგ მისგან გვესმოდა საუბარი, რომ გირაოს არ მიიღებდა, ყველა, ვინც გირაოს გადაიხდიდა, მისი მტერი იქნებოდა. საბოლოო ჯამში ვნახეთ როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. ის დააკავა მართლმსაჯულებამ, გირაოც გადაიხადეს,ამნისტიაც იქნება გამოცემული. ეს არის უბრალოდ მცდელობა, საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენებით აწიონ თემა. გარწმუნებთ, შინაარსობრივად რაიმე პრობლემა არ არის.
სტრასბურგის სასამართლოს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაუწყვეტია და ბევრი დარღვევა დაუდგენია. ის, რომ რაღაც საჩივარია შესული, სხვა საქმეებთან რაიმე პარალელს არ ავლენს. ხდება კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, რათა მიიღონ პასუხები გარკვეულ კითხვებთან დაკავშირებით.
რამდენად არასერიოზ მდგომარეობაში იყენებენ თავს ჩვენი ოპონენტები, აჩვენებს ისიც, რომ საქმე არის „ნიკა მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. სინამდვილეში, თუ იქნება განხილვა, საქმე იქნება „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“. მას, როგორც ჩანს, ეთაკილება თქმა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. როგორც ჩანს, მას თავად ეუხერხულება და ეხამუშება ამის თქმა. საზოგადოებასთან ურთიერთობაში რომ არ ახსენებს, რომ ეს არის საქმე საქართველოს წინააღმდეგ, ესეც აჩვენებს, თუ რამდენად ნაკლებად გამბედავია და ამ საქმეს დაარქვა „მელია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ეს არის სასაცილო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ნიკა მელიას ადვოკატების ინფორმაციით, სარჩელი ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, რაც კონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევას გულისხმობს.