შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელიამ უკვე მოძებნა საკუთარი პოლიტიკური ნიშა, რაც არის აგრესია, დესტრუქცია, დაადასტურა, რომ არ სურდა მანდატი, ასევე, ყოფილიყო დემოკრატიის ნაწილი, სურვილი დავუკმაყოფილეთ
ნიკა მელია ისეთ ასაკშია, როგორც პოლიტიკური, ასევე ადამიანური თვალსაზრისით, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებით არც არაფერი დააკლდება და არც არაფერი მოემატება, რადგან უკვე მოძებნა საკუთარი პოლიტიკური ნიშა, რაც არის აგრესია, დესტრუქცია და ამ ნიშაში იქნება, თუ პოლიტიკაში საერთოდ დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რომელიც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას გამოეხმაურა.
პაპუაშვილის თქმით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა, ნიკა მელია დეპუტატი ყოფილიყო, მის განცხადებას უკან გაიწვევდა.
„ნიკა მელიამ დაადასტურა, რომ არ სურდა მანდატი და ასევე, ყოფილიყო დემოკრატიის ნაწილი. შესაბამისად, მას ეს სურვილი დავუკმაყოფილეთ. წინა შემთხვევაში, ოპოზიციას პოლიტიკური საბოტაჟი ჰქონდა გამოცხადებული, დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ აღიარებდნენ და ჩვენ გადავარჩინეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის პარლამენტი საბოტაჟისგან. ოპოზიცია კმაყოფილია, რომ მაშინ, პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ეს გადაწყვეტილება მიიღო. 2 ოქტომბრის არჩევნებმა დაადასტურა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების გადანაწილება იყო ისეთი, როგორიც ხალხმა ისურვა. თუ ვინმეს სურს, დემოკრატიული პროცესების ნაწილი არ იყოს, მას გადაწყვეტილებას დავუკმაყოფილებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ნიკა მელიას საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება დღეს შეუწყდა. პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არავინ წასულა.
ნიკანორ მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ მაშინ ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა: „პირადად მე, მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე ელენესთან, მეგობრებთან, ქართველ ხალხთან ერთად გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად“.