შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელია თუ ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო, უკვე ამნისტიით ეპატიება სავარაუდო დანაშაული, რომელიც ჩაიდინა
ორბელიანის სასახლეში დღეს აშკარად და ცალსახად ითქვა, რომ მოხდება ამნისტიის კანონის ერთობლივად ინიცირება. ინიცირება მოხდება უკვე სამშაბათს, ამ კანონის მისაღებად არანაირი წინაღობა არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად გამართული ვახშმის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პოლიტპატიმრები საქართველოში არ არიან. რაც შეეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, იყო სხვადასხვა კითხვა, რომ შემოვა თუ არა ოპოზიცია, ჯერ უნდა უნდა გამოვიდეს ნიკა მელია თუ არა. დღეს აქ აშკარად და ცალსახად ითქვა, რომ მოხდება ამნისტიის კანონის ერთობლივად ინიცირება, ისინი მოვლენ პარლამენტში იქნება ერთობლივი ინიციატივა და ერთობლივად მიღებული ამნისტიის კანონი. შეთანხმებაზე ხელი მოწერილი აქვთ და ამ შეთანხმების მიხედვით ყველა იწყებს პარლამენტში მუშაობას. სამი მოსმენა სჭირდება, პროცედურა, რასაც ითვალისწინებს, იმის მიხედვით იქნება, სამ მოსმენას რამდენი დროც უნდა. მთავარია, რომ ინიცირება მოხდება უკვე სამშაბათს, შესაბამისად, არანაირი წინაღობა არ არსებობს, რომ ეს კანონი იყოს მიღებული, მით უმეტეს, რომ არსებობს საერთო თანხმობა, რომ ეს ერთობლივად იქნება მიღებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი თუ გადაიხდის გირაოს, ნიკა მელიას შეუძლია, ნებისმიერ მომენტში გამოვიდეს საპატიმროდან. რაც შეეხება მსჯავრდებულ გიორგი რურუას, სამშაბათს, პაპუაშბვილის განცხადებით, კანონპროექტის ინიცირების შემდეგ, პრეზიდენტი გამოსცემს შეწყალების აქტს.
„მას თუ ეჩქარება თავისუფლებაზე გამოსვლა, გირაო გადაიხდება ევროკავშირის მიერ და ეს გზა არსებობს, მას შეუძლია გამოვიდეს. ის თუ ფიქრობს, რომ მისი ღირსება უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველო და სტაბილურობა, კი ბატონო, ცოტა ხანი იქნება, ამნისტიის კანონი მიღებული იქნება და შემდეგ უკვე ამნისტიით ეპატიება ის სავარაუდო დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა. რაც შეეხება რურუას, სამშაბათს, ინიცირების შემდეგ პრეზიდენტი გამოსცემს შეწყალების აქტს. ამნისტია კი შეეხება ოც ივნისთან დაკავშირებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.