შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელია და ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინეს, ისინი სწორედ ასეთი აგრესიული აქციებისთვის არიან გარეთ
აგრესია იქცა ინსტრუმენტად ამ ახალი პლეადის სამოქალაქო აქტივისტების ხელში, ვხედავთ, რომ აგრესია ჟურნალისტების მიმართ, ძალადობა პოლიციისადმი იქცა იარაღად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე ანტიქართული ქმედება არის იმ ჯგუფების ქმედება, რომლებიც მედიასა და პოლიციაზე ძალადობენ.
„30-წლიან ისტორიაში სხვადასხვა საპროტესტო მოძრაობებში, მათ შორის დამოუკიდებლობის მოძრაობისა, ჩვენი მთელი სიამაყე იყო ის, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქციები. დღეს ვხედავთ, რომ მოწოდებებია, მაგალითად, ნიკა გვარამია პირდაპირ მოუწოდებდა ძალადობისკენ ხალხს. დღეს როცა გვესმის, მათ შორის მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები კანონთან დაკავშირებით, მახსენდება იმავე ხალხის განცხადებები, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. მგონი, ყველამ იხილა რამხელა აბსურდი იყო ეს, როცა ეს პოლიტიკოსები ახდენდნენ ზეწოლას სალომე ზურაბიშვილზე, შეეწყალებინა გვარამია. ნიკა მელია, ნიკა გვარამია რატომ არიან გარეთ, ზუსტად ასეთი აგრესიული აქციებისთვის. ეს არის ანტიქართული საქციელი და რაც არის ანტიქართული, ის არის ანტიევროპული. უნდათ, ამოგვიტრიალონ რეალობა, რაც არის ქართული, ის არის ევროპული, ასე უნდა შევხედოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.