შალვა პაპუაშვილი - ნიჰილიზმსა და ევროსკეპტიციზმს ის ადამიანები თესავენ, ვინც გადაჭარბებულ მოლოდინებს ამყარებენ, თითქოს სტატუსი ნიშნავს თითო სოფელში ხუთ მილიონს ან ამერიკაში ვიზებს, ეს არის ტყუილი
შალვა პაპუაშვილი - ნიჰილიზმსა და ევროსკეპტიციზმს ის ადამიანები თესავენ, ვინც გადაჭარბებულ მოლოდინებს ამყარებენ, თითქოს სტატუსი ნიშნავს თითო სოფელში ხუთ მილიონს ან ამერიკაში ვიზებს, ეს არის ტყუილი

ნიჰილიზმსა და ევროსკეპტიციზმს ის ადამიანები თესავენ, ვინც გადაჭარბებულ მოლოდინებს ამყარებენ, მათ შორის კანდიდატის სტატუსზე. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულია დამატებითი ფინანსური დახმარება, 14 მილიარდიანი ბიუჯეტი, თითო სოფელს ხუთი მლნ და ა.შ. ყველა ეს სიტყვა რაც გავიგეთ, არის ტყუილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება არც ერთ დამატებით ცენტთან არ არის დაკავშირებული.

„მთელი პროპაგანდა რაც იყო იმის თაობაზე, თითქოს სტატუსის მიღება ნიშნავს თითო სოფელში ხუთ მილიონს ან ამერიკაში ვიზებს, ეს არის ტყუილი. ამ ადამიანებმა იციან, რაზეც საუბრობენ და როცა შეგნებულად საუბრობენ, ამით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. ამის მიზანი რა არის? – საზოგადოებაში დაბნეულობის გამოწვევა, რაც არის პროპაგანდისტული ხერხი, როცა სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდებით გონების არევა ხდება. საბოლოო ჯამში, მთავარი პრობლემაა ისაა, რომ ამ ყველაფრის მიზანი შეიძლება, იყოს ევროსკეპტიციზმი და ნიჰილიზმი, როცა ადამიანები მიხვდებიან, რომ კანდიდატის სტატუსს რომ მივიღებთ, ამას დამატებითი ფინანსური ელემენტები არ მოჰყვება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ ევროკომისიი მოთხოვნა უნდა შეასრულოს და დეპოლარიზაციას ხელი შეუწყოს.

12 პრიორიტეტიდან უმეტესობა პარლამენტის მიერ გასატარებელია. მათ უმეტესობა საკითხზე მუშაობა უკვე მიდის. იგივე სასამართლო რეფორმაზე, რაც არის არა მხოლოდ ამ საკითხის ნაწილი, არამედ არის ასოცირების დღის წესრიგის ნაწილი და რამდენიმე დღის წინ ევროკავშირთან შევათანხმეთ განრიგი. კერძოდ, სასამართლო რეფორმაზე სტრატეგია როდის იქნება შემუშავებული და ა.შ. საჯარო დისკუსიის მიღმა მთავრობა და პარლამენტი სწორედ ამ საკითხებზე მუშაობენ. საარჩევნო თემატიკაზე ცნობილია ეუთო/ოდირის საკითხი და დიდად პრობლემური საკითხები არ არის, მოგვარებადია. მთლიან პროცესს საქმიანად ვუდგებით. რეკომენდაციების შესრულებაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და ყველა დონეზე ითქვა. მთავარი პრობლემაა ის, რომ ოპოზიცია და ზოგიერთი აქტივისტი ორგანიზაცია პირველივე პუნქტს გადააბიჯებენ და შემდეგი პუნქტიდან იწყებენ. პირველ პუნქტს – დეპოლარიზაციას რას უშვებიან? რომელი დეპოლარიზაციის ხელშემწყობია მთავრობის გადადგომის მოთხოვნა?“,- განაცხადა პაპუაშვილმა.