შალვა პაპუაშვილი - „ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ დეზინფორმაციის უარყოფა მოუწიათ, ამასაც ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომ ამ მედიასაშუალებების დამფინანსებლებსაც დაველაპარაკოთ
„ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ დეზინფორმაციის უარყოფა მოუწიათ, სწორედ ამასაც ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომ ამ მედიასაშუალებების დამფინანსებლებსაც დაველაპარაკოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითიც მასთან დაკავშირებით „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა.
პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არის საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება.
„მას შემდეგ, რაც ვამხილეთ, პირადად მეც გამოვეხმაურე, მოუწიათ უარყოფა იმ დეზინფორმაციის, რომელიც გაავრცელეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს გამჭვირვალობის საჭიროებას. სხვათა შორის, „ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ არ აქვთ მითითებული, ვისგან ფინანსდებიან, ვინ იხდის ფულს. მათ შორის, ამას ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომ ვიცოდეთ, ვინ არის დამფინანსებელი ამ მედიასაშუალების, რათა შემდეგ მათაც დაველაპარაკოთ. როგორც წესი, როგორც გამოცდილება აჩვენებს, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ასეთი დეზინფორმაციული მედიის უკან დგანან აშშ-ის „დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ – NED-ი და EED-ი. ამიტომ, პრობლემა სწორედ ამაშია, როგორც შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, ევროკავშირის ფული იხარჯება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაზე. ერთი მხრივ, ევროკავშირი დეზინფორმაციასთან ბრძოლას ცხრა პუნქტში წერს და შემდეგ თვითონ აფინანსებს დეზინფორმაციას პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს პრობლემა არის და ამაზე უნდა იზრუნოს საელჩომ, თუმცა, სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ თავად საელჩო ახალისებს. ეს შედეგია, მათ შორის წახალისებისა. ჩვენ ახლახან ვნახეთ, რომ ევროკავშირმა პრიზები გადასცა სხვადასხვა მედიასაშუალებას, პირდაპირ დეზინფორმაციული მასალისთვის გადასცეს პრიზი ადამიანს. ეს შემდეგ ახალისებს ასეთ ქმედებებს. ამიტომ, პრობლემა არის, როდესაც საელჩოები ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან მასპინძელ ქვეყანაში დაფინანსებას. აფინანსებენ ისეთ ღონისძიებებს, აქტივობებს, რომლებიც პირდაპირ დეზინფორმაციული, პროპაგანდისტულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია: „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია, ამ დეზინფორმაციის შესახებ დაველაპარაკები იმ საელჩოებს, რომლებიც ამ მედიის დაფინანსების უკან დგანან“. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელეს გამოცემებმა „ნეტგაზეთმა“ და „ბათუმელებმა“, სადაც აღნიშნავენ, რომ შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში „შეცდომა დაუშვეს“.