შალვა პაპუაშვილი - ნელ-ნელა უფრო და უფრო ჭირს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებები და ქმედებები აიხსნას
პრეზიდენტი საქართველოს ორ მოქალაქეზე ამბობს, რომ მათ იყენებდა, რათა სხვა ინსტიტუციისთვის რაღაც დაემტკიცებინა თუ ეჩვენებინა, ეს იმდენად აგდებული დამოკიდებულებაა ადამიანის, საქართველოს მოქალაქის მიმართ, რა შეფასება შეიძლება, მიეცეს, არც კი ვიცი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„პრეზიდენტმა ბოლო განცხადებაში საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას „რუსული გადაწყვეტილება“ უწოდა. ამ სიტყვების შემდეგ რა უნდა ელაპარაკოს ესტონელ ან ლიტველ კოლეგებს? თუ თავად ეროვნული ბანკის „რუსულ გადაწყვეტილებაზე“ საუბრობს, მათთან რომელ ლობიზმსა და სტატუსზე შეიძლება, ჰქონდეს საუბარი? მთავრობა მას ვიზიტებზე თანხმობას სწორედ იმიტომ არ აძლევდა, რომ პრეზიდენტის პოზიცია რადიკალურად განსხვავდება იმ პოზიციისგან, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. კერძოდ, ის, რომ საგარეო მოლაპარაკებების დროს მთავრობა პარტნიორებს არწმუნებს, რომ ქვეყანას სტატუსი უნდა მიენიჭოს. როგორც ჩანს, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ, მართალია, საქართველო სტატუსს არ იმსახურებს, მართალია, ჩვენი ინსტიტუციები „რუსულ გადაწყვეტილებებს“ იღებენ, მაგრამ არ ვიცი, აქ შემდეგ რას ამატებს. ოპოზიციიდან ბევრი ვარიაცია მაქვს მოსმენილი – „მაგრამ“ ეს ჩვენი ისტორიიდან, „მაგრამ“ ეს, „მაგრამ“ ის და იქნებ რამენაირად სტატუსი მოგვცეთ. ეს ყველაფერია, სტატუსის მონიჭებისა და მხარდაჭერის დარწმუნების გარდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ნელ-ნელა უფრო და უფრო ჭირს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებები და ქმედებები აიხსნას.
„ორი ფაქტია: ზოგადად, პრეზიდენტის მხრიდან აშკარა და პირდაპირი ზეწოლაა ეროვნულ ბანკზე, რომ ეროვნულმა ბანკმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელსაც ის საჭიროდ თვლის. მისი ადმინისტრაციის განცხადება გვახსოვს, რომ კანდიდატებს პარლამენტში მანამდე არ წარადგენდა, სანამ ეროვნული ბანკი საქართველოს პრეზიდენტისთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ეს პირდაპირი ჩარევაა ეროვნული ბანკის საქმიანობაში. ყველას შევახსენებ, რომ ეროვნული ბანკი პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებული ორგანოა. ამიტომ პარლამენტისა და პირადად ჩემი ვალდებულებაა, რომ როდესაც ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩარევა ხდება და არსებობს პირდაპირი შანტაჟი პრეზიდენტის მხრიდან, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს აქცევს უფუნქციოდ, თუ მის ნებას არ დაემორჩილებიან და წესებს მისი ნების შესაბამისად არ დაადგენენ, ეს პირდაპირ ჩარევაა და მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ასეთი ჩარევა შეწყვიტოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებიდან გამოდის, რომ პრეზიდენტმა ადამიანების ინსტრუმენტალიზება მოახდინა.
„კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადება ვნახე, სადაც პრეზიდენტი ცდილობდა, გაემართლებინა მთელი ეს ეპოპეა – ჯერ კანდიდატების წამოყენებაზე, შემდეგ გაწვევაზე. ის ამას იმით ამართლებს, რომ მას სურდა, პარლამენტის ლუსტრაცია მოეხდინა და განზრახ არასათანადო კანდიდატები წარადგინა. არ მგონია, ამას რეალობასთან რამე საერთო ჰქონდეს, თუმცა თავის თავში არ ვიცი, ეს უფრო ცუდი საქციელია, თუ რაც პრეზიდენტის მხრიდან იყო. გამოდის, რომ პრეზიდენტი ამბობს, რომ ადამიანების ინსტრუმენტალიზება მოახდინა. მან ეს ორი ადამიანი გამოიყენა იმისთვის, რომ პარლამენტისთვის რაღაც ეჩვენებინა. საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციას შევახსენებ – ამას ადამიანის ინსტრუმენტალიზაცია ჰქვია, რაც სამართლებრივ ტერმინოლოგიაში ადამიანის ღირსების შელახვას ნიშნავს. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ორ მოქალაქეზე ამბობს, რომ ის მათ იყენებდა, რათა სხვა ინსტიტუციისთვის რაღაც დაემტკიცებინა თუ ეჩვენებინა. ეს იმდენად აგდებული დამოკიდებულებაა ადამიანის მიმართ, საქართველოს მოქალაქის მიმართ, რა შეფასება შეიძლება, მიეცეს, არც კი ვიცი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.