შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერი შედარება რუსეთთან არის აბსოლუტურად მიუღებელი და მნიშვნელობა არ აქვს, ამ შედარებას ქართველი პოლიტიკოსი აკეთებს თუ უცხოელი დიპლომატი, ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს
შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერი შედარება რუსეთთან არის აბსოლუტურად მიუღებელი და მნიშვნელობა არ აქვს, ამ შედარებას ქართველი პოლიტიკოსი აკეთებს თუ უცხოელი დიპლომატი, ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს

ნებისმიერი შედარება რუსეთთან არის აბსოლუტურად მიუღებელი, დაუშვებელი და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აკეთებს ამ შედარებას, იქნება ეს ქართველი პოლიტიკოსი თუ უცხოელი დიპლომატი, ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა იყო დასავლელი პარტნიორების კრიტიკის, მათ შორის, აშშ-ის ელჩის და საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძველი, სადაც წერია შემდეგი: „კრემლის მიერ შთაგონებული“; „„ხალხის ძალის“ კანონპროექტი არ არის ამერიკული კანონის ანალოგი და ეს არის რუსული კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, სიჩუმეს, ხმებისა და სხვადასხვა შეხედულების შემცირებას“.

„მე მგონი, ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ და მათ შორის, ელჩებმაც. საქართველოს შედარება რუსეთთან, ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, არის მიუღებელი და არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. მით უმეტეს, ამ შედარებას არ აქვს არანაირი საფუძველი. ჩვენ ვსაუბრობთ, ერთი მხრივ, რუსეთზე – ქვეყანაზე, რომელშიც არის ტოტალიტარული რეჟიმი; მეორე მხრივ, ვსაუბრობთ დემოკრატიულ საქართველოზე და ამის არდანახვა შეუძლებელია, რომ ასე იყოს და მე მიკვირს, ასეთი შედარებები რომ კეთდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს შედარება რუსეთთან არის მიუღებელი და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში, მათ შორის, დიპლომატები მოერიდებიან საქართველოს ან საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ინიციატივების რუსეთთან ნებისმიერ შედარებას.

„ეს არის დაუშვებელი და ამაზე უარი უნდა თქვას ყველამ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, სამწუხაროა, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები და ჯგუფები თვლიან, რომ საქართველოს არ შეუძლია, ჰქონდეს ის, რაც აქვს სხვას, უფრო განვითარებულ ქვეყნებს.

„რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამონათქვამი – ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის. ცოტა, შეიძლება, სხვის თვალში ჩვენ ხარი ვართ, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსები და ჯგუფები რომ საკუთარ ქვეყანას უყურებენ, როგორც ხარს, რომელსაც არ შეუძლია, ჰქონდეს ის, რაც აქვს სხვას, უფრო განვითარებულ ქვეყნებს, ეს არის ყველაზე ცუდი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.