შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ენერგეტიკული კუთხით ჩვენს სიძლიერეს, დამოუკიდებლობას, ხელს აძლევს რუსეთს, ყველას მოვუწოდებ, ამაზე დაფიქრდეს
მმართველი გუნდის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლილი პროექტია და როგორც მთავრობა, ისე კომპანია, თუ ექსპერტთა ჯგუფები მზად არიან, არსებულ კითხვებს პასუხები გასცენ.
„კარგია, რომ დისკუსია გაიხსნა, არის შესაძლებლობა, საზოგადოება გადავიდეს საგნობრივ დისკუსიაზე და არ უსმინოს იმ მითებს, ემოციურ მოწოდებებს, რომლებიც, სამწუხაროდ, დიდი ხნის განმავლობაში იყო. ეს არის საკითხი, რომელიც შეეხება ერთი მხრივ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას.
„ნამახვანჰესი“, ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლილი პროექტი საქართველოში. როგორც მთავრობა, ასევე კომპანია, თუ ექსპერტთა ჯგუფები მზად არიან დისკუსიისთვის, რომ გასცენ პასუხები კონკრეტულ კითხვებს და არა იმ ემოციურ მითებს, რომლებიც, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენთან მკვიდრდებოდა.
ამიტომ ყველას მოვუწოდებ, საღად შევხედოთ ყველა საკითხს, დავინტერესდეთ დეტალებით, ვინაიდან ხშირად დეტალებს გვიმალავენ და ცდილობენ, მითებით, ემოციაზე თამაშით შემოგვაჩეჩონ ისეთი საკითხები, რომლებიც შეეხება ჩვენს სუვერენიტეტს. თუკი ვინმეს დღეს ჩვენი ელექტროდამოუკიდებლობა არ აწყობს, ეს არის რუსეთი. ამიტომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ენერგეტიკული კუთხით ჩვენს სიძლიერეს და დამოუკიდებლობას, ხელს აძლევს რუსეთს. მოვუწოდებ ყველას, ამაზე დაფიქრდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას დღეს თბილისში გამართავენ.
პროტესტის მონაწილეები დილით ქუთაისში, სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ, საიდანაც მანქანებით დედაქალაქისკენ დაიძრნენ.
აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე 14:00 საათიდან შეიკრიბებიან, სიტყვით გამოსვლები კი 15:00 საათზე დაიწყება.