შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, მიკვირს, როგორ ახერხებენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, ძალადობის მიმართ გამოხატონ სიმპათია და ემპათია
შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, მიკვირს, როგორ ახერხებენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, ძალადობის მიმართ გამოხატონ სიმპათია და ემპათია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პარლამენტის შენობაში შესვლის შეზღუდული რეჟიმი უკავშირდება ზიანის აღდგენის სამუშაოებს და უსაფრთხოებას.

„დღეს და ხვალ პარლამენტის შენობაში შესვლის რეჟიმი სრულად არის შეზღუდული, საჭიროა იმ ზიანის აღრიცხვა, რომელიც მიადგა პარლამენტს, როგორც შენობას, ისე ინფრასტრუქტურას, ამის აღდგენა, აღწერა. ასევე, ვიდრე ზიანი არაა აღდგენილი, არის საფრთხე იქ მყოფი პირებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, აპარატს და დამხმარე პერსონალს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ სრულდ აღდგეს პარლამენტი. იცით, რომ ჩამსხვრეულია ფანჯრები, ინფრასტრუქტურისთვისაა ზიანი მიყენებული. ცეცხლი იყო გაჩენილი ფანჯრის რაფაზე, მეორე სართულზე მოლოტოვის კოქტეილიდან და ასე შემდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, გუშინ პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ უკანონობისკენ მოუწოდა პარლამენტთან შეკრებილ ახალგაზრდებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ასევე ჩანდა აგრესიის წახალისება.

„სამწუხაროა, ჩვენ ვხედავდით, რომ პოლიტიკოსები და პარლამენტის წევრები იყენებდნენ ახალგაზრდების, ბავშვების ენერგიას, რათა მიემართათ ეს ენერგია აგრესიისკენ. გუშინ ვნახეთ ამის მაგალითი, როდესაც პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა მოუწოდა პირდაპირ უკანონობისკენ პარლამენტთან შეკრებილ ახალგაზრდებს, რომ მოეწყოთ პარლამენტის პიკეტირება. ვიხილეთ პიკეტირების შედეგი, გადაიზარდა პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობაში, ასევე, შენობის დაზიანებაში, რითიც მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. სამწუხაროა, რომ ასევე ვხედავდით ჩვენ წახალისებას ამ აგრესიისა. უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი, განსაკუთრებით, როცა ეს ძალადობა არის სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში პარლამენტის სასახლის წინააღმდეგ. მიკვირს, როგორ ახერხებენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები თუ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ამ ძალადობის მიმართ გამოხატონ სიმპათია თუ ემპათია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.