შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც საოკუპაციო მმართველობაა, სტაბილურობა შეუძლებელია, ჩვენს საერთო, აფხაზი თანამოქალაქეების ინტერესშია, ერთიან საქართველოს ფარგლებში განვითარდეს ქვეყანა
ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც არ არის ინსტიტუციები და არის საოკუპაციო მმართველობა, სტაბილურობა შეუძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საერთო ინტერესშია, რომ ერთიან საქართველოს ფარგლებში განვითარდეს მთლიანად ქვეყანა.
„უპირველეს ყოვლისა, ეს არის შედეგი იმისა, რომ იქ არის საოკუპაციო მმართველობა. ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც არ არის ინსტიტუციები და არის საოკუპაციო მმართველობა, სტაბილურობა შეუძლებელია. ამიტომაც ვამბობთ ჩვენც, რომ ჩვენს საერთო ინტერესშია, ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეების ინტერესშია, რომ ერთიანი საქართველოს ფარგლებში განვითარდეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა. მათ შორის აფხაზეთი და აფხაზეთის მოქალაქეების კეთილდღეობაც მხოლოდ ასე განვითარდება. ნებისმიერი ასეთი ნაცრისფერი ზონები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის წყალობით იქმნება ხოლმე, საქართველოში იქნება თუ სხვაგან, ყოველთვის არის წყარო დესტაბილიზაციის, ვინაიდან ეს არის არაფუნქციონირებადი ინსტიტუციების მქონე ტერიტორია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული მოვლენების ანექსიის მცდელობად შეფასებას, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამას ანექსიის მცდელობას ვერ დაარქმევს.
„ანექსიის მცდელობას მე ვერ დავარქმევდი. ზოგადად, ამაზე ჩვენ ამდენი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ეს რისკები არის, როცა ჩვენ ვხედავდით ანექსიის პოლიტიკაზე გადასვლას სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის კენჭისყრა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის მიუხედავად, ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც „კანონპროექტის რატიფიკაციას“ ეწინააღმდეგებიან, ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.