შალვა პაპუაშვილი - ნაყოფიერად ვმუშაობთ საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, პარლამენტი წლის განმავლობაში 57 ანგარიშს ისმენს
შალვა პაპუაშვილი - ნაყოფიერად ვმუშაობთ საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, პარლამენტი წლის განმავლობაში 57 ანგარიშს ისმენს

პარლამენტი, წლის განმავლობაში, საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის ფარგლებში, 57 ანგარიშს ისმენს, აქედან 27, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვადასხვა უწყების ანგარიშია, ხოლო 30 – საპარლამენტო კომიტეტების, საბჭოების, მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„მიმდინარე კვირაში, საკმაოდ ნაყოფიერად ვმუშაობთ საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით – პლენარულ სხდომებზე მოვისმინეთ ის ანგარიშები, რომელიც კომიტეტებში უკვე იყო განხილული ზაფხულის განმავლობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, განსახილველი ანგარიშების რაოდენობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დათვალა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ანგარიშების რაოდენობის დათვლა მნიშვნელოვანია გამომდინარე იქედან, თუ რამდენად აქტიურად ახორციელებს პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას და ასევე, რამდენად აქტიურია პარლამენტსა და მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ უწყებებს შორის ინტერაქცია. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა ისიც, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება მისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშების მოსმენის შესახებ ინფორმირებული იყოს.

როგორც ბიუროს სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, წლის განმავლობაში სასესიო სამუშაო დღეების ნახევარზე მეტი ანგარიშების მოსმენას დაეთმობა.