შალვა პაპუაშვილი - ნაცვლად იმისა, რომ შეასრულონ დეპუტატის უფლებამოსილება, მოინდომეს, რომ გახდნენ გამომძიებლები, ეს აჩვენებს, რამდენად სკანდალზე ორიენტირებული ოპოზიცია ჰყავს საქართველოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა აჩვენებს, რომ ოპოზიცია შეუმდგარია.
მისივე თქმით, ეს არის საქართველოს ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ნეგატიური ფონი შექმნას და ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მიღებისას ამით იხელმძღვანელოს.
„ეს აჩვენებს, რომ ჩვენი ოპოზიცია შეუმდგარია და მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ნაკარნახევია არა მოქალაქეების ინტერესებიდან, არამედ ხან გარედან, ხან სხვადასხვა ჯგუფიდან. ყოველ შემთხვევაში, ეს არის მათი პარტიული ინტერესები. ქართველმა ხალხმა შეადაროს, რას აკეთებს ხელისუფლება და რას – ოპოზიცია. ბოლო თითქმის ერთი წელია, ხელისუფლება ასრულებს იმ წინაპირობებს, რომლებიც მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოპოზიცია თითს თითზე არ ადებს, რომ ამაში მიიღოს მონაწილეობა. ახლა, ნაცვლად იმისა, რომ შეასრულონ დეპუტატის უფლებამოსილება, მოინდომეს, რომ გახდნენ გამომძიებლები და აქ ეძებენ საკუთარი თავისთვის რეალიზაციას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სკანდალზე, არევაზე ორიენტირებული ოპოზიცია ჰყავს დღეს საქართველოს. არა ხელისუფლების, არამედ, სინამდვილეში, ეს არის საქართველოს ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ შექმნას ნეგატიური ფონი, რათა ევროკავშირს როცა ექნება მისაღები გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, იხელმძღვანელოს ასეთი ნეგატიური ფონით, ასეთი მღელვარებით და არა იმ შედეგებით, რასაც საქართველო აჩვენებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.