შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ქართველ ჯარისკაცებს აბრალებდა ომის დანაშაულს, ამ ღალატს ჩვენ ვუყურებდით, ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ქართველ ჯარისკაცებს აბრალებდა ომის დანაშაულს, ამ ღალატს ჩვენ ვუყურებდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს.
„თავს ნუ მოიტყუებს ნურავინ, ამ ღალატს ჩვენ ვუყურებდით, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა, გამოვიარეთ 2008 წლის აგვისტო, ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენ თვალწინ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ხელს ადებდნენ ქართველ ჯარისკაცებს და ომის დანაშაულს აბრალებდნენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღიარა ტალიავინის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა ცეცხლი. ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი. „ქართულმა ოცნებამ“ შევძელით და შემოვაბრუნეთ საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავები, გავამართლეთ ქართველი ჯარისკაცები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ევროსაბჭოს რეზოლუციის მეშვეობით აბრალებდა ომის დანაშაულს. გამართლდა ყველა ჯარისკაცი, სამხედრო და დამნაშავედ იქნა ცნობილი სეპარატისტული რეჟიმის ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე გენერალი ბორისოვი, რომელზეც დაკავების ორდერიც კი გამოსცა ჰააგის სასამართლომ. გარდაცვლილია უკვე და, რა თქმა უნდა, ვერ აღსრულდება ორდერი, მაგრამ ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთადერთი, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა, იყო სეპარატისტული რეჟიმი და რუსი სამხედროები.
ასევე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლო დონეზე აღიარებულ იქნა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ომის დანაშაულებს აბრალებდა ქართველ ჯარისკაცებს, რეზოლუციების და დასკვნების თანამონაწილე იყო, შევძელით და სტრასბურგის სასამართლოს ვაღიარებინეთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ჰააგის სასამართლოს ვაღიარებინეთ, რომ ომის დანაშაულები ჩადენილი იქნა მხოლოდ სეპარატისტული რეჟიმის თუ რუსი სამხედროების მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილემ წაიკითხა ციტატა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან, რატომ მოეწონა მას ეს განცხადება?“ – შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა:
„ვინ რა ციტატას წაიკითხავს და გამოიყენებს, ამაზე ჩვენ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ კარგია, თუ უყურებენ ჩვენი განცხადებების ციტატებს, სადაც ისინი ასევე ამოიკითხავენ, რომ მთავარი მიზანი, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“, არის საქართველოს დეოკუპაცია. ამიტომ ეს ციტატებიც შეუძლიათ, წაიკითხონ“.