„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმა არის ერთ-ერთი ხრიკი, რათა მომხრეებისთვის შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს რაღაც უსამართლობას არ ეგუებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები მოსაბეზრებელი გახდა, არიან არათანმიმდევრული, მათ ბევრი სიტყვა თქვეს და შემდეგ დაარღვიეს.
„დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში 19 აპრილის შეთანხმებასაც მოაწერენ ხელს. ახლა მათი მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, საკუთარი მომხრეების თვალში გარკვეული ლეგიტიმაცია შეინარჩუნონ. ვიდრე პარლამენტში შემოვიდოდნენ, თქვეს, რომ მომხრეების გამოკითხვას მოაწყობდნენ და გადაწყვეტილებას ასე მიიღებდნენ. საბოლოო ჯამში, ამ გამოკითხვის შეეშინდათ, ვინაიდან სავარაუდოდ, ფიქრობდნენ, რომ მათი მხარდამჭერები არ იქნებოდნენ იმის მომხრე, მანდატი განეხორციელებინათ. 19 აპრილის ხელმოწერაზე უარის თქმა არის ერთ-ერთი ხრიკი, რათა მომხრეებისთვის შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს რაღაც უსამართლობას არ ეგუებიან. ისინი 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერენ ხელს. თუ არ არის შეთანხმებაზე ხელმოწერა, შესაბამისად, ვერ ისარგებლებენ პრივილეგიებით, რაც შეთანხმებით გათვალისწინებულია. ასევე, მონაწილეობას ვერ მიიღებენ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია გზა, რომ ჰქონდეს მხოლოდ უფლებები, მაგრამ არ ჰქონდეს ვალდებულებები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო. ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.