შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია არის სხვადასხვა მხრიდან თავდასხმა საზოგადოებაზე, პარტიებზე, რადიკალური დღის წესრიგი, იმდენად უუნაროები არიან, სასაცილოდ იხდიან თავს
„ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია არის სხვადასხვა მხრიდან თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, პარტიებზე და რადიკალური დღის წესრიგის შემოღება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ლელოს“ წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განცხადებებზე, რომლებიც, მათ შორის, ეხებოდა ბიძინა ივანიშვილს.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი სტრატეგია.
„ზოგი „ნაციონალური მოძრაობის“, ზოგი „ლელოს“, ზოგი პარტია „საქართველოსთვის“ მეშვეობით ერთიან სტრატეგიაში აქცევს. ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია არის სხვადასხვა მხრიდან თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, პარტიებზე და რადიკალური დღის წესრიგის შემოღება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ყველაფერშიც კი იმდენად უუნაროები არიან, რომ სასაცილოდ იხდიან თავს.
„ჩვენი ოპოზიციის უუნარობა ბევრ რამეში ჩანს. ისინი უუნარო არიან, რომ ჰქონდეთ დისკუსია საგნობრივ საკითხებზე, უუნარო არიან, რომ მუქარაც კი ნორმალურად განახორციელონ, თავს იხდიან სასაცილოდ როგორც პროფესიულ დისკუსიაში, ასევე ამ ე.წ. პიარ ხრიკებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.