შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ფილოსოფიაა გულაგების სისტემის შექმნა და ადამიანების ჩაგვრა, როგორც კი მიიღებენ ერთ გრამ ხელისუფლებასაც კი, გამოაჩენენ თავიანთ ბრჭყალებს
„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შექმნა გულაგების სისტემა. სისტემა, სადაც ადამიანები ციხეში მოხვედრის შიშით ან გზით იჩაგრებოდნენ, ითრგუნებოდნენ, ღირსების აყრა ხდებოდა და ძალადობა იყო ყოველდღიური საქმე მაშინდელი ხელისუფლების, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ფილოსოფია არის ადამიანების ჩაგვრა.
„დღესაც ზუსტად ის ფაშისტური კამპანია, რაც აქვთ აწეული ადამიანების, მათი ოჯახის წევრების მიმართ, როცა მიდის მუქარა და ფსიქოლოგიური ძალადობა, ეს აჩვენებს, რომ ამ ადამიანებმა საერთოდ ვერაფერი გააცნობიერეს. ისეთივე მოძალადეები არიან, როგორებიც იყვნენ ხელისუფლებაში. ერთადერთი განსხვავებაა, რომ მათ არ აქვთ ძალაუფლების ბერკეტები და თავიანთ ძალადობრივ იდეებს ვერ ახორციელებენ. როგორც კი მიიღებენ ერთ გრამ ხელისუფლებასაც კი, იმ მომენტშივე გამოაჩენენ თავიანთ ბრჭყალებს და ზუსტად იმ გულაგების სისტემას აღადგნენ, რომელიც მათ ჰქონდათ საქართველოში დამკვიდრებული. რაც შეეხება აქციების დაანონსებას, ეს პოლიტიკური ფარისევლობაა. გულაგების შემქნელი პარტია რომ საუბრობს ან დემოკრატიაზე, ან უფლებებზე, ან 9 აპრილთან ცდილობს, თავისი თავი გააიგივოს, ამით აჩვენებენ, რომ ყველაფრის გაუფასურება შეუძლიათ საკუთარი ყოფნით შორიახლოს. რეაქცია მარტივია. საზოგადოებამ უკვე ბევრჯერ დაანახა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მათი რადიკალური ქმედებები არ იქნება მიღებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომელთაც საქართველოში სასჯელი აქვთ მისჯლი, ქვეყნას უნდა გადმოსცენ.
„პრობლემა არის შემდეგში, 2018 წლიდან იყო სააკაშვილის მისჯილი, თუმცა თავისუფლად გადაადგილდებოდა ევროპაში და იყო ჩართული ქართულ პოლიტიკაში უკრაინის მოქალაქე. მას სხვადასხვა დედაქალაქებში ეპატიჟებოდნენ, ხვდებოდნენ, ჩვენ ვაფრთხილებდით, მათ შორის ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ ის რადიკალიზმი, რაც საქართველოში იყო, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იყო ორკესტრირებული და ის, რომ მისი გადმოცემა არ ხდებოდა საქართველოსთვის, ადამიანის, რომელმაც მკვლელებს ხელი დააფარა და ადამიანი აცემინა, ეს ახალისებდა ჩვენთან რადიკალიზაციას. დღესაც იგივე სიტუაცია გვაქვს სამწუხაროდ. დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, სხვები, რომლებზეც საქართველოში არის საქმე აღძრული, თავისუფლად გადაადგილდებიან ამა თუ იმ ქვეყანაში და იქიდან მართავენ რადიკალურ პროცესებს. ამიტომ, ვფიქრობ, ყველამ დასკვნები უნდა გამოიტანოს წარსულიდან, ყველამ, ვინც თვლის საქართველოს მეგობრად თავს. ამ ადამიანებს კი არ უნდა მისცეს პლატფორმა და პედესტალი, რომ საზღვარგარეთიდან აქ არიონ სიტუაცია, არამედ მართლმსაჯულებას გადასცენ ეს ადამიანები. ამ ადამიანების საქართველოსთვის გადაცემა არის მნიშვნელოვანი. მათი შეფარება არის საქართველოს მიმართ არამეგობრული საქციელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.