შალვა პაპუაშვილი - სასიამოვნო მომენტი არ არის, როცა მნიშვნელოვანი რეზოლუციის გამოყენება ხდება პარტიული ინტერესებისთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ქვეყნის რეპუტაცია არაფრად ღირს 
შალვა პაპუაშვილი - სასიამოვნო მომენტი არ არის, როცა მნიშვნელოვანი რეზოლუციის გამოყენება ხდება პარტიული ინტერესებისთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ქვეყნის რეპუტაცია არაფრად ღირს 

სასიამოვნო მომენტი არ არის, როცა მნიშვნელოვანი რეზოლუციის გამოყენება ხდება პარტიული ინტერესებისთვის. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ქვეყნის რეპუტაცია არაფრად ღირს, – ამის სესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ამას შეჩვეული არიან.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამოყენება იმისთვის, რომ რაღაც ვიწროპარტიული ინტერესები იყოს ჩადებული, ყოველგვარ პოლიტიკურ ეთიკას სცდება. ჩვენ ვნახეთ, რომ ამაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირე პარტიები იყვნენ ჩართული და საბოლოო ჯამში, რეზოლუციას ჩრდილიც მიაყენეს იმ თვალსაზრისით, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა დადასტურებული აქვს თავად ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში „გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ და სააკაშვილს პირდაპირ ხელი დაადეს, როგორც ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ სამართლიანი სასჯელი არ აღსრულებულიყო გირგვლიანის მკვლელების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, სასიამოვნო მომენტი არ არის, როცა ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის გამოყენება ხდება პარტიული ინტერესებისთვის. ჩვენ ამას „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეჩვეული ვართ. მათთვის ქვეყნისა და საქართველოს რეპუტაცია არაფრად ღირს, როცა საუბრობენ საკუთარ ლიდერზე. ეს გასაგებია და აქაც, სამწუხაროდ, „ევროპის სახალხო პარტიას“ იყენებს იმისთვის, რომ ასეთი „ჩაწერილი“ წინადადებები შეაპარონ სხვადასხვა რეზოლუციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც არის საუბარი. კერძოდ კი, აღნიშნულია:

„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 13 ოქტომბერს დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.