შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო არსებული პარტიები ჩიხში არიან, ქვეყნის არევისა და ხელისუფლების გადატრიალების კიდევ ერთი მცდელობა ჩაეფარცხათ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ჩიხშია შესული, რადგან ქვეყნის არევისა და ხელისუფლების გადატრიალების გეგმა ჩაეშალათ.
ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს: „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას, მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“.
პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ მონაწილეობენ.
„რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის გარშემო არსებული პარტიების შეფასებას, ისინი არიან ჩიხში. ქვეყნის არევისა და ხელისუფლების გადატრიალების კიდევ ერთი მცდელობა ჩაეფარცხათ. ერთ კვირაზე მეტია, გვესმის მათგან სურვილი, რომ მოიწვიონ რიგგარეშე სხდომა და პრეზიდენტს მიმართონ. ვხედავთ, რომ ვერ მიმართავენ, რადგან არც თემა აქვთ და არც საკითხი იციან, რეგლამენტშიც ვერ ერკვევიან, არც მონაწილეობას იღებენ იმ მუშაობაში, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. არსებობს სამი პარტია, რომელიც ამ პროცესს გაემიჯნა. „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ეს ის სამი პარტიაა, რომელიც ისედაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი გუნდია. ვხედავთ, რომ მეორდება ის, რაც იყო 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ კეთილსინდისიერად მუშაობდა საკითხებზე და რადიკალური ოპოზიცია ამ პროცესისგან გამიჯნული იყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მის ოჯახსა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახებს ერთმანეთთან პერიოდული კომუნიკაცია აქვთ.
„როდესაც ადამიანს აქვს ოჯახებით ურთიერთობა, წერილში სწორედ ამაზე იყო საუბარი. ადამიანი კუნძული არ არის. რა გგონიათ, ადამიანი უნდა შემოვსაზღვროთ და კონტაქტი არ უნდა ჰქონდეს არავისთან? ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენი ცხოვრების ნაწილია. რაც შეეხება გავლენას სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე, პოლიტიკაზე, ამაზეა საუბარი. ის, ვინც საუბრობს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებებს, ვერავინ, მათ შორის ევროპარლამენტის წევრები, რეზოლუციაში ვერ ასახელებს ვერც ერთ ფაქტს, როგორ ხდება ამ გავლენის მიღწევა, რომელ გადაწყვეტილებაზე იყო ეს გავლენა მოხდენილი. ეს არის დეზინფორმაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის ასევე გამოეხმაურა განცხადების იმ ნაწილს, სადაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, „იმედი, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, ჩვენს გუნდსაც შეიძლება, ჰქონდეს და საზოგადოებასაც, ჩვენი ოპონენტები თუ ამაში პრობლემას ხედავენ, ამასაც აღიარება სჭირდება“.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი არ მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში და არც აპირებს.
„თქვენ გინდათ, რომ კომენტარები ვაკეთო სხვა ადამიანი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს? ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც ის პოლიტიკიდან გავიდა, თქვა, რომ პოლიტიკისგან სრულად დისტანცირებას აპირებს. ის არანაირად ჩარეული არ არის გადაწყვეტილების მიღებაში. არანაირი მონაწილეობა მას ქართულ პოლიტიკაში არ აქვს და შესაბამისად, არ აპირებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.