შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ოფიციალურად რადიკალური პარტიები არიან, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გარეთ იქნებიან თუ პარლამენტში
ჩვენ ვამბობდით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და თავად ნიკა მელიამაც ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი, მათთვის ღირსეული გამოსავალი აღარ არსებობდა. მათ შორის, გირაოსთან დაკავშირებით. ახლა, მნიშვნელობა არ აქვს, შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ქვეყანაში არეულობის გარდა, სხვა გზა არ აქვთ, რადგან ისინი მოქალაქეების მანდატს ვერ მიიღებენ.
„მთავარი არის შემდგარი ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ ამ ქვეყანაში ოფიციალურად არის რადიკალური პარტია, რომელსაც არ სურს რაიმე კონსტრუქციული ურთიერთობა პარტიებს შორის. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გარეთ იქნებიან თუ შიგნით. გუშინაც განაცხადეს, რომ ხელს არ უშლის პარლამენტში ყოფნა იმას, რომ ქუჩაშიც იყვნენ. კარვები ჯერ კიდევ გაშლილია პარლამენტის წინ და როგორც ჩანს, არ აპირებენ, ეს კარვები დაშალონ. მთავარი არის შემდეგი – ისინი არც არასდროს ყოფილან დასავლურ გზაზე და ახლა ადასტურებენ საკუთარი ქცევით, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ პროცესს, მნიშვნელობა აქვს ძალაუფლების მოპოვებას. ამისთვის ეძებენ ნებისმიერ ხერხს და ეს ერთადერთი ხერხი, რომელიც შერჩათ, არის ძალადობრივი ქმედება, არეულობა ქვეყანაში, ვინაიდან დემოკრატიული პროცესით ისინი მოქალაქეების მანდატს ვერ მიიღებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.