შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ანტიპატრიოტული ძალა, როცა ასეთი ძალა პატრიოტულ თარიღებს ირჩევს და აანონსებს აქციებს, ეს ყველაზე დიდი პოლიტიკური ცინიზმია
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ანტიპატრიოტული ძალა, როცა ასეთი ძალა პატრიოტულ თარიღებს ირჩევს და აანონსებს აქციებს, ეს ყველაზე დიდი პოლიტიკური ცინიზმია

ბოლო ათი წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვას არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ მცდელობები აქვს ყალბი ნარატივით, დეზინფორმაციით და ხალხში დაბნეულობის გამოწვევით ემოციური დამოკიდებულება გააჩინონ, ამით არეულობა მოახდინონ და ის აბსოლუტური ძალაუფლება დაიბრუნონ, რომელიც მათ ჰქონდათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილისთვის დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, როცა ყველაზე ანტიპატრიოტული ძალა პატრიოტულ თარიღებს ირჩევს და აანონსებს აქციებს, ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური ცინიზმი.

„მათი მიზნები ცხადია და ღიადაც ამბობენ – ეს არის არეულობა და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ხედავენ, რომ ისინი ხელისუფლებაში დემოკრატიული გზით ვერასდროს მოვლენ, რადგან მათ ხალხი ყოველ ჯერზე უარს ეუბნება. აქედან გამომდინარე, მათი ერთადერთი გზაა არეულობა, დესტრუქცია, ძალადობა და ამის საშუალებით წყლის ამღვრევა და ამღვრეულ წყალში ძალაუფლების თევზის დაჭერა. ეს პირველად არ ხდება, ბოლო ათი წელია, სხვას არაფერს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ გარდა იმისა, რომ მცდელობები აქვს ყალბი ნარატივით, დეზინფორმაციით და ხალხში დაბნეულობის გამოწვევით ემოციური დამოკიდებულება გააჩინონ, ამით არეულობა მოახდინონ და ის აბსოლუტური ძალაუფლება დაიბრუნონ, რომელიც მათ ჰქონდათ. ეს თემები იცვლება, სხვადასხვა დროს სხვადასხვაა, თუმცა ხელწერა არ იცვლება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყოველთვის ცდილობენ, მოსინჯონ ის საკითხები, რაც მოსახლეობას ემოციურად განაწყობს.

„ხან ეს არის ადამიანების პირადი ტრაგედიები. წელი არ გავიდოდა, რომ რაიმე ასეთი პირადი ტრაგედია პოლიტიკური მიზნით არ გამოეყენებინათ. ახლა ცდილობენ, ევროპის თემით ადამიანები ემოციურად განაწყონ, თუმცა აბსოლუტური ტყუილით, და დეზინფორმაციული კამპანია წარმართონ. ვნახეთ, რომ კანონი, რომელსაც არანაირი საერთო არ ჰქონდა რუსეთთან, დაიბრენდა, როგორც რუსული კანონი. პროპაგანდა ისე შორს წავიდა, რომ ადამიანებს დააჯერეს, რომ მათთვის მეტი ინფორმაცია საზიანოა და არ სჭირდებათ.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ანტიპატრიოტული ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შექმნა ჩაგვრის სისტემა, ადამიანის ღირსების აყრის სისტემა, ადამიანის გარიყვის, გამიჯვნის, ჩარეცხვის სისტემა. ყველაფერი გააკეთა, რომ საზოგადოება გაეყო და გაეხლიჩა. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც, პრაქტიკულად, ქართული ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა. ასე რომ, როცა ყველაზე ანტიპატრიოტული ძალა პატრიოტულ თარიღებს ირჩევს და აანონსებს აქციებს, ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური ცინიზმი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.