შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ 56 ხმის მოპოვება სჭირდება, რომ მათი კანდიდატი გახდეს ვიცე-სპიკერი, თუ ვერ დაარწმუნებენ დეპუტატებს, ვერ იქნება არჩეული
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ 56 ხმის მოპოვება სჭირდება, რომ მათი კანდიდატი გახდეს ვიცე-სპიკერი, თუ ვერ დაარწმუნებენ დეპუტატებს, ვერ იქნება არჩეული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სულ მცირე, 56 დეპუტატი უნდა დაარწმუნოს, რომ ვიცე-სპიკერობის მათ კანდიდატს დაუჭირონ მხარი.

მისივე თქმით, მათ ამისთვის უნდა იზრუნონ, ფრაქციებთან თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები გაიარონ.

„რეგლამენტით და კონსტიტუციით პარლამენტის წევრს აქვს თავისუფალი მანდატი. ეს ნიშნავს, რომ ის წყვეტს, დაუჭიროს მხარი თუ არა კენჭისყრაზე დაყენებულ საკითხს. რომელ ღილაკს მიაჭიროს თითი, ამას მხოლოდ პარლამენტის წევრი წყვეტს, ვერც რეგლამენტი აიძულებს რამეს და ვერც სხვა რაიმე დადგენილება. ამიტომ გადაწყვეტილება პარლამენტმა, პარლამენტის უმრავლესობამ უნდა მიიღოს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, კანდიდატის დამსახელებელმა ფრაქციამ სხვა ფრაქციებთან თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან გაიაროს კონსულტაციები. თუ არ ვცდები, დღესდღეობით „ნაციონალურ მოძრაობას“ 20 წევრი ჰყავს ფრაქციაში, ვიცე-სპიკერის არჩევისთვის საჭიროა 76 ხმა, მათ აკლიათ 56 ხმა. უნდა იზრუნონ, რომ 56 ხმა მოიპოვონ. 56 ადამიანი უნდა ნახონ. რა ვიცი, სადაც უნდათ, იქ ნახონ. ოცნი არიან, სჭირდებათ 56 ადამიანი, რომ გახდეს ვიცე-სპიკერი. ეს უკვე პოლიტიკური ნაწილია, მათ უნდა დაარწმუნონ, სულ მცირე, 56 დეპუტატი, რომელიც მათ ფრაქციაში არ არის, რომ მხარი დაუჭირონ. თუ დაარწმუნებენ, არჩეული იქნება, თუ ვერ დაარწმუნებენ, ვერ იქნება არჩეული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.