შალვა პაპუაშვილი - „მწვანე ალტერნატივამ“ გაავრცელა გარემოს დაცვის სააგენტოს 2021 წლის კვლევა, თითქოს შეეხებოდა მდინარე ბუბას, იქნებ დაწეროს, რომ საუბარია მდინარე დღვიორაზე, რომელსაც ამ სტიქიასთან კავშირი არ აქვს
შალვა პაპუაშვილი - „მწვანე ალტერნატივამ“ გაავრცელა გარემოს დაცვის სააგენტოს 2021 წლის კვლევა, თითქოს შეეხებოდა მდინარე ბუბას, იქნებ დაწეროს, რომ საუბარია მდინარე დღვიორაზე, რომელსაც ამ სტიქიასთან კავშირი არ აქვს

მივმართავ „მწვანე ალტერნატივას“, რომელმაც გარემოს დაცვის სააგენტოს 2021 წლის კვლევა გაავრცელა, თითქოს საუბარია მდინარე ბუბაზე, იქნებ დაწეროს, რომ მდინარე დღვიორას ამ სტიქიასთან კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საუბრისას შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სოლიდარობა და კონსოლიდაცია და არა გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებით საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, სოციალური ქსელით და მედიით გავრცელდა რამდენიმე საკითხი, რომელმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

კერძოდ, მისი თქმით, ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გავრცელებული 2021 წლის კვლევა ეხებოდა არა მდინარე ბუბას, არამედ მდინარე დღვიორას, რომელსაც შოვში მომხდარ სტიქიასთან საერთო არ აქვს. გარდა ამისა, მდინარე ბუბას კალაპოტი გასული საუკუნის 60-იან წლებში შეიცვალა და ამ თემით აპელირებაც საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს.

პაპუაშვილის განცხადებით, ტყუილია ისიც, თითქოს წყალი ორი დღის განმავლობაში გუბდებოდა. როგორც მან განმარტა, წინასწარი მონაცემებით, მასის მოწყვეტიდან საბოლოო პუნქტამდე ჩამოსვლას რამდენიმე წუთი დასჭირდა.

„მინდა, ყველას მივმართო, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ. რამდენიმე საკითხი, მინდა, დავასახელო, რომელიც, სამწუხაროდ, გუშინ გავრცელდა და იწვევს ხოლმე ისტერიას რაღაც საკითხები. მაგალითად, გუშინ ვნახეთ, რომ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გარემოს დაცვის სააგენტოს 2021 წლის კვლევა გაავრცელა, თითქოს ეს შეეხებოდა მდინარე ბუბას და ამ ტერიტორიას, რომ იყო ღვარცოფის საშიშროება. არის აბსოლუტურად სხვა მდინარეზე საუბარი, დღვიორაზე, რომელიც სულ სხვა ქედია და სხვა ხევი არის და ვნახეთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში ამას პანიკურად აზიარებდნენ, მათ შორის მედიის საშუალებითაც.

მე მივმართავ „მწვანე ალტერნატივას“, რომელიც იყო ამის ინიციატორი, მანაც იქნებ დაწეროს ამის შესახებ, რომ მცდარი იყო ინფორმაცია და არანაირი კავშირი დღვიორას ამ სტიქიასთან არ აქვს; მეორე: იყო საუბარი, თითქოს კალაპოტი იყო შეცვლილი „სანსეტ შოვის“ მიერ, ესეც ტყუილია. კალაპოტი არის ნამდვილად შეცვლილი, თუმცა 60-იან წლებში, და არანაირი კავშირი მას ჩვენს თანამედროვეობასთან არ აქვს; მესამე: ასევე მედიაში გავრცელდა, თითქოს ორი დღის განმავლობაში გუბდებოდა წყალი და მდინარე ბუბაში ორი დღე წყალი არ იყო ან დაწეული იყო – ესეც არის ტყუილი. ჩვენ დღეს, სავარაუდოდ, გვექნება გეოლოგიური დასკვნა პროცესებთან დაკავშირებით. წინასწარი მონაცემებით, მოწყვეტიდან საბოლოო პუნქტამდე ამ ღვარცოფული ქვა-ღორღის ჩამოსვლას, სულ რამდენიმე, დაახლოებით 5-6 წუთი დასჭირდა და დაგროვებაც იყო ძალიან მცირე პერიოდში, ამაზე კიდევ გვექნება საბოლოო დასკვნა.

ამიტომ, მინდა ყველას მივმართო: ახლა არ არის დრო, დაბნეულობა შევიტანოთ საზოგადოებაში, მომხდარი ტრაგედიით ყველა ისედაც დათრგუნულია, ახლა არის სოლიდარობის, კონსოლიდირების დრო და ყველას ვთხოვ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.