შალვა პაპუაშვილი - მტკიცებულებების წამოყენების ვალდებულების გრძნობის გარეშე, ქართველი მოსამართლეების მიმართ ბრალდებები არ შეესაბამება პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს
შალვა პაპუაშვილი - მტკიცებულებების წამოყენების ვალდებულების გრძნობის გარეშე, ქართველი მოსამართლეების მიმართ ბრალდებები არ შეესაბამება პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს

უაპელაციოდ, მტკიცებულებების წამოყენების ვალდებულების გრძნობის გარეშე, ქართველი ხალხის, მოსამართლეების მიმართ ბრალდებების წაყენება არ შეესაბამება იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარტნიორისგან ასეთი ნაბიჯი არის ძალიან სამწუხარო.

„ეს გარდა იმისა, რომ შეიცავს საფრთხეს ამ სამი მოსამართლის დისკრედიტაციისა, რა თქმა უნდა, ასევე სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისკენ შეიძლება იყოს გადადგმული. ვნახეთ ჩვენ გამოხმაურებები, როდესაც ოპოზიცია საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სასამართლოს მიმართ ნდობას. ეს იმ პირობებში, როდესაც კორუფციის მიმართულება იქნება თუ სასამართლოს მიმართ ნდობა, ყველა საერთაშორისო, ადგილობრივი რეიტინგების თუ კვლევების მიხედვით, საქართველოს სასამართლო არის ერთ-ერთი წამყვანი ნდობის მიმართულებით. 50%-ზე მეტი აქვს ნდობა საქართველოს სასამართლოს. კორუფციის მიმართულებით ახლა სადაც ვართ, იცით, ევროკავშირის 11 ქვეყანას ვუსწრებთ და აქ ასე უაპელაციოდ, მტკიცებულებების წამოყენების ვალდებულების გრძნობის გარეშე, ქართველი ხალხის, მოსამართლეების მიმართ ასეთი ბრალდებების წაყენება არ შეესაბამება იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს. სამწუხაროა, რომ ასეთი ბუნდოვანია ეს ბრალდება, მათ შორის რა პერიოდს ეხება, რა საკითხებს, რატომ ეხება, ყველაფერი არის აბსოლუტურად გაუგებარი.

2012 წლამდე გულაგების სისტემა, რომელიც ჩამოაყალიბა მიხეილ სააკაშვილმა, სამწუხაროდ, დღეს სარგებლობს მფარველობით სხვადასხვა ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანის დანაშაულებზე ვინმეს რაიმე ხმა თავის დროზე ამოეღო, შემდეგ ეთქვა ან ახლა, თუნდაც სანქციები დაეწესებინათ, ხდება მისი მფარველობა.

გაურკვევლობა იქნა შემოტანილი ქართულ საზოგადოებრივ დისკუსიაში. არის შერჩეული რაღაც ნიშნით, გაურკვეველი ნიშნით რამდენიმე მოსამართლე, მათ შორის ყოფილი მოსამართლე, რომელიც ექვსი წელია, უკვე სისტემაში არ არის, საუბარია რაღაცაზე და მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. რაზეა საუბარი,ს ვერავინ ვერ ხვდება. ერთადერთი არის, რომ ეს არის ბრალდება – იცხოვრეთ ამ ბრალდებით. საქმე ეხება მოსამართლეებს, საქმე ეხება ჩვენ მოქალაქეებს და ასევე საქმე ეხება სასამართლო სისტემას, ეს თავისთავად არის, ერთი მხრივ, პერსონალური შეტევა ამ მოსამართლეებზე და, მეორე მხრივ, არის ქართული სასამართლოსათვის დისკრედიტაციული ზიანის მიყენება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.