შალვა პაპუაშვილი - „მთის ამბების“ წარმომადგენელი ამბობს ტყუილს, თითქოს შოვის სტიქიის წინასწარ განჭვრეტა იყო შესაძლებელი, სამარცხვინოა, რომ ასეთი ადამიანი ჟურნალისტურ საქმიანობაში იღებს ჯილდოებს
„მთის ამბების“ წარმომადგენელი ამ დღეებში იყო რომელიღაც მედიაში, კვლავ იყო მანიპულაცია, ტყუილი, თითქოს შოვის სტიქიის წინასწარ განჭვრეტა იყო შესაძლებელი, თითქოს არსებობდა რაღაც კვლევები, რომელიც ამას ადასტურებდა, თითქოს წყლის დონემ აიწია ორი დღით ადრე ბუბაში, ეს იმას ნიშნავდა, რომ იქ იმხელა ყინულის მასა მოწყდებოდა და ასეთი ტრაგედია გვექნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამარცხვინოა, რომ ასეთი ადამიანი ჟურნალისტურ საქმიანობაში იღებს ჯილდოებს.
„არ ვიცი, როგორ არ რცხვენიათ ადამიანებს, როდესაც ასეთ ტრაგედიებზე ასე მანიპულირებენ. სამარცხვინოა, რომ ასეთი ადამიანი, ვგულისხმობ, „მთის ამბების“ წარმომადგენელს, მათ შორის, ჟურნალისტურ საქმიანობაში იღებს სხვადასხვა ჯილდოს. ადამიანი, რომელმაც შოვის ტრაგედიის დროს ადამიანების ტრაგედიებზე მანიპულირებით დაიმკვიდრა თავი. გახსოვთ, მე მაშინაც ვთქვი, რამდენი ტყუილი თქვა. მაშინ, როდესაც ემოციები იყო მაღალი, ადამიანები ეძებდნენ საკუთარ ოჯახის წევრებს, მთლიანად საქართველო იჯდა ეკრანებთან და ცდილობდა, რაღაცნაირად იმედის მარცვალი მიეღო. „მთის ამბების“ წარმომადგენელი ტყუილს ამბობდა, თითქოს იქ დღეების განმავლობაში დაგუბებული იყო მდინარე და ტყუილებს, რომლებიც შემდეგ დადასტურდა, რომ აბსოლუტური ტყუილი იყო. ბოდიშიც კი არ მოიხადა ამისთვის. პირიქით, აქეთ დაიწყო შეტევა, თითქოს სახელმწიფოს წარმომადგენლები აქეზებდნენ. ანუ ადამიანმა, ჟურნალისტმა დადასტურებულად თქვა ტყუილები და ამის შემდეგ მას მისცეს პრიზი, როგორც ჟურნალისტს. ამაზე მეტი ცინიზმი, აბსურდი და საზოგადოების დაცინვა რა შეიძლება იყოს? ამიტომ, მინდა, იყოს ყველა, მათ შორის საზოგადოება იყოს ფხიზლად, რომ არ მოხდეს კვლავ შემობრუნება იმ დეზინფორმაციის, რომელიც მაშინ გვესმოდა, თითქოს იყოს რაღაც პროცესები, რომლებიც იყო ცნობილი წინასწარ და არ მოხდა ამაზე რეაგირება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.