შალვა პაპუაშვილი - მოწოდებებისა და განცხადებების ნაცვლად, კონგრესისა და სენატისთვის უფრო მარტივი იქნებოდა, იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული თანხები
ამდენი მოწოდების ნაცვლად, კონგრესისა და სენატისთვის უფრო მარტივი იქნებოდა, იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული თანხები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ „კანონპროექტი თუ იქნება მიღებული, იძულებული ვიქნებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ“.
პაპუაშვილის თქმით, ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია ასეთი პოზიციები.
„გასაკვირია იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, მოგვიწოდებს, არ მივიღოთ ასეთი კანონი. იმედგამაცრუებელია, რადგან ის ღირებულებები, რომლებზეც საუბარია ხოლმე, არ არის სრულად ამ ღირებულების ფარგლებში. გამჭვირვალობა არის განმსაზღვრელი პრინციპი, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია არის მთავარი პრინციპი. საბოლოო ჯამში, ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ ამ სფეროში გამჭვირვალობა გქვონდეს. ამდენი მოწოდების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა კონგრესისა და სენატისთვის, იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ არ ასაჯაროებს, რა პროექტებს აფინანსებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჰქონდა მათთან კომუნიკაცია ერთი წლის განმავლობაში.
„დამპირდნენ, რომ გასაჯაროვდებოდა და ეს სიტყვა არცერთხელ არ შესრულდა. დღემდე დაფარულია, რაში იხარჯება ეს ფული და შემდეგ შემთხვევით ვიგებთ, რომ აშშ-ის ბიუჯეტიდან ფული იხარჯება შემოვლითი გზით პარტიების, რადიკალური ჯგუფების, დეზინფორმაციული ჯგუფების დაფინანსებაში, რაც, რა თქმა უნდა, არ არის კარგი ქართული საზოგადოებისთვის და ჩრდილს აყენებს თავად ამერიკულ დახმარებას საქართველოში. ნაცვლად ამ მოწოდებებისა და განცხადებებისა, უფრო მარტივი იქნებოდა, გაასაჯაროონ ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული თანხები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.