შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე თავდასხმა, მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა და ბანკის იძულება, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღოს
მოვუწოდებ პრეზიდენტს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე თავდასხმა, მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა და ბანკის იძულება, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როცა ეროვნულ ბანკზე თავდასხმა ხდება, პარლამენტი ვალდებულია, ამაზე რეაგირება ჰქონდეს.
„მიჭირს იმის თქმა, რა უფრო უარესია, პრეზიდენტის ქმედებები თუ ამის გამართლების მცდელობა. ეს ერთი მეორეზე უარესია. არსებული მდგომარეობა სამწუხაროა, ეს არის ეროვნულ ბანკზე თავდასხმა. პრეზიდენტის განცხადება ვნახეთ, რომელიც ეროვნული ბანკის ორ ახალ წევრს ეხებოდა, რომელთა მიმართაც პრეზიდენტის მხრიდან გარკვეული აგდებული სახის დამოკიდებულება ჩანდა. ეს არის თავდასხმა ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ წევრებზე. როგორც ჩანს, პრეზიდენტისთვის არც კონსტიტუციური ჩარჩო მოქმედებს და არც ადამიანური. ვნახეთ პრეზიდენტის განცხადება, სადაც თავისი ქმედების გამართლებას ცდილობდა იმით, რომ ორ ადამიანს იყენებდა, რათა პარლამენტისთვის რაღაც დაემტკიცებინა.
ჩვეულებრივი ღირსების შემლახავი დამოკიდებულებაა, როცა პრეზიდენტი ამბობს და არ ერიდება თქმას, რომ სხვა ადამიანებს იყენებს ინსტიტუციური ბრძოლებისთვის. ეროვნული ბანკი არის პარლამენტთან ანგარიშვალდებული ორგანო, ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა, რეაგირება გვქონდეს, როცა მასზე თავდასხმა ხდება. მოვუწოდებ პრეზიდენტს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე თავდასხმა, მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა და ბანკის იძულება, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.