შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტარული პრინციპი
რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან, ამ აქციასაც უნდა დაერწმუნებინა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ აბსოლუტურად აცდენილი არიან საზოგადოების ინტერესებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ აქციების შესაძლო გამართვასთან დაკავშირებული განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს.
„უპირველეს ყოვლისა, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ასეთი სახის გადაწყვეტილებები მიიღება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით. ამ შემთხვევაში, იცით, რომ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში, ეს არის მინიმალური, ელემენტარული პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოსი. ჩვენ ადრე ვხედავდით ჩარევის მცდელობებს და იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში თავს შეიკავებენ ზედმეტი განცხადებებისა და ზეწოლისაგან სასამართლოზე. რაც შეეხება აქციების დაანონსებას, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან და, წესით, ამ აქციასაც უნდა დაერწმუნებინა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ისინი აბსოლუტურად აცდენილი არიან საზოგადოების ინტერესებს, მათი დღის წესრიგი აბსოლუტურად აცდენილია იმ ინტერესს, რომელიც დღეს აქვს საქართველოს, ქართველ ხალხს და ამიტომაც არის, რომ მათ ქართველი ხალხი მუდმივად პასუხს სცემს თავისი დამოკიდებულებით, რომელიც ჩნდება სწორედ იმაში, რომ მათ მოწოდებებს უკვე ფასი აქვს დაკარგული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.