შალვა პაპუაშვილი - მოვისმინეთ ახალარჩეული სახალხო დამცველისგან, როგორ ხდებოდა ქალი პარლამენტის წევრების დატერორება, ეს არის პირდაპირი ჩარევა პარლამენტის წევრის თავისუფალ მანდატში
ის ტერორის ტალღა, რომელსაც ცდილობენ, ააგორონ, მათ შორის დღეს მოვისმინეთ უკვე არჩეული სახალხო დამცველისგან, როგორ ხდებოდა ქალი პარლამენტის წევრების დატერორება, რომ მათ ხმა არ მიეცათ ისე, როგორც მათ სურდათ, ეს არის პირდაპირი ჩარევა პარლამენტის წევრის თავისუფალ მანდატში, მისი იძულება, რომ მისი ნების გარეშე და გადაწყვეტილების გარეშე მისცეს ხმა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ეს არის პირდაპირ ტერორი არა მხოლოდ ადამიანზე, არამედ ამ შემთხვევაში პარლამენტის წევრზე“.
„გარდა ამისა, მოვისმინეთ ბევრი განცხადება, არ მინდა ციტირება, მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ადრე უფლებადაცვით ინსტიტუციებს ხელმძღვანელობდნენ, რაც არის ადამიანების პირდაპირ მიზანში ამოღება, მათი ტერორის ობიექტად ქცევა, იარლიყების მიკერება და ა.შ. ჩვენ ამ პროცესმა, როდესაც სტიგმატიზაციის საფრთხეზე საუბრობდნენ, გვაჩვენა ერთი რამ, გამოავლინა ადამიანები, რომლებიც წლებია, ამ ქვეყანაში ქმნიან სტიგმებს, აკრობენ იარლიყებს, ქმნიან ზიზღის გარემოს. ამდენი წელი მხოლოდ ამას აკეთებენ და სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება. უბრალოდ, მოვუწოდებ ყველას, ერთი მხრივ, თავი შეიკავონ ზოგადად ადამიანზე ზეწოლისგან, განსაკუთრებით, როცა ეს ეხება საქართველოს პარლამენტის წევრს. ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც გაირჩევა ქართული კანონპროექტი და კანონები, არის ეს დარბაზი, ამიტომ ყველამ პატივი ვცეთ ჩვენს მანდატს, პატივი ვცეთ ჩვენს არგუმენტირების უნარებს და განვიხილოთ. საჯაროობა სწორედ ამას ნიშნავს, რომ განვიხილოთ საკითხები საჯაროდ, ჩვენი ხალხის გასაგონად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს არჩეულმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა: „თამარ კორძაიამ, ხათუნა სამნიძემ და თეონა აქუბარდიამ ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს, რათა ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი. ამის მიუხედავად, მათ უერთგულეს თავიანთ სიტყვას და პრინციპს“.