შალვა პაპუაშვილი - მოსაზრებები საკმარისად არის გაცვლილი დიალოგის მაგიდაზე, მოვუწოდებ ოპონენტებს, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღონ
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრ შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ისეთ რთულ ვითარებაში, როგორიც დღეს ქვეყანაში პანდემიის გამოა შექმნილი, პარლამენტის ფუნქციონირება აუცილებელია.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მოსაზრებები საკმარისად არის გაცვლილი დიალოგის მაგიდაზე და ახლა საჭიროა, ყველა პოლიტიკოსმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.
„რაც შეეხება მიმდინარე დიალოგს, მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარისგან განცხადება, რომ ამ ეტაპზე ეს დიალოგი არის იმ ფაზაში, როდესაც მომწიფებულია გადაწყვეტილების მისაღებად და საჭიროა, ყველა მხარე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ ყველაფერს. ვინაიდან თქვეს, პარლამენტში არ შევალთო, ამის გადათქმა უჭირთ. იფიქრონ საკუთარ მოსახლეობაზე, ასევე იმ ვითარებაზე, რომელიც პანდემიის კუთხით არსებობს ქვეყანაში და ამ დროს პარლამენტის ფუნქციონირებასა და პარლამენტზე. სწორედ ამ პასუხისმგებლობით და ამ გადმოსახედიდან უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. როგორც საჯაროდ ვიცით, მოსაზრებები უკვე საკმარისად არის გაცვლილი დიალოგის მაგიდაზე და ახლა საჭიროა, ყველა პოლიტიკოსმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და ამისკენ მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.