შალვა პაპუაშვილი - მოსამართლეებს მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულად ვერ მოვახსენიებინებთ, მტკიცებულებები თუ არ არსებობს, მაშინ მოლოდინი გვაქვს, რომ შემზღუდველი ზომა გაუქმდება
შალვა პაპუაშვილი - მოსამართლეებს მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულად ვერ მოვახსენიებინებთ, მტკიცებულებები თუ არ არსებობს, მაშინ მოლოდინი გვაქვს, რომ შემზღუდველი ზომა გაუქმდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან თუ არ იქნება მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოხდა მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება, მაშინ ის უნდა გაუქმდეს.

მისივე თქმით, ქართველი მოსამართლეები მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულად არ უნდა მოიხსენიონ.

„მტკიცებულებები თუ არ არსებობს, მაშინ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შემზღუდველი ზომა იქნება გაუქმებული. ყველა გადაწყვეტილებას სჭირდება მტკიცებულება. წარმოდგენილი უნდა იქნას მტკიცებულებები ან თუ არ არსებობს და არ არის საკმარისი, მაშინ გაუქმდეს ეს შეზღუდვები. საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს ქართველ მოსამართლეებს მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულად ვერ მოვახსენიებინებთ.

ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ვამბობთ. ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ როდესაც სისხლის სამართლის დანაშაული, კორუფცია ბრალდება ადამიანს, წარმოდგენილი უნდა იყოს ფაქტები, სამართლიანი სასამართლოს უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია უზრუნველყოფილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.