შალვა პაპუაშვილი - მოსამართლეების დანიშვნის პროცესი რვა თვეა, მიმდინარეობს, არსად არ ვჩქარობთ
არსად არ ვჩქარობთ, ეს პროცესი რვა თვეა, უკვე მიმდინარეობს, თუ არ ვცდები, იუსტიციის საბჭოში პროცესი დეკემბერში დაიწყო, შემდეგ შეჩერდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სწორედ იმის გამო, რომ შეთანხმებაში ეს საკითხი იდო, პროცესი შეჩერდა, კანონი შესწორდა, ამის შემდეგ განახლდა.
„თუ დააკვირდებით, დღეს არც ერთი კითხვა არ ისმის თავად იუსტიციის საბჭოში შერჩევის პროცედურა და კანონმდებლობა შესაბამისობაში არის თუ არა ვენეციის კომისიასთან, არის შესაბამისობაში. ის, რომ შეჩერდა, ხომ ფაქტია? ის, რომ იმ ცვლილებების შემდეგ განახლდა, როგორც დოკუმენტშია, ესეც ფაქტია. ყველაფერი შესწორდა შეთანხმების შესაბამისად. ამ დოკუმენტის შესაბამისად პირნათელი ვართ შეთანხმების, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის წინაშე. მნიშვნელოვანია, არა ბუნდოვანი საუბარი, არამედ ვის რა პრეტენზია აქვს, იმაზე ისაუბროს. კონკრეტულად, რა საკითხია დარღვეული 19 აპრილის შეთანხმებაში და რაში არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესი ვენეციის კომისიის დასკვნას, კონსტიტუციას, კანონმდებლობას. თუ ვამბობთ, რომ შეესაბამება, ე.ი. არანაირი კითხვა არ არსებობს და ჩვენთვის ეს არის გამოსავალი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.