შალვა პაპუაშვილი - მოსახლეობის უმრავლესობა ვერ იქნება ჩუმად, ამიტომ 29 აპრილს ყველას ვიწვევთ, მოვიდნენ რუსთაველზე, საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ხალხი ყველამ უნდა დაინახოს
ჩვენი მხარდამჭერების და მოქალაქეების მხრიდან იყო დამოკიდებულება, რომ შეუძლებელია, როცა ვხედავთ, ოპოზიციის ნაწილი როგორ ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი მოქალაქეები, ითამაშოს მათ ემოციებზე, მაშინ როცა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ითხოვს მეტ ინფორმაციას, ამიტომ დაიგეგმა აქცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება.
„ამიტომ გადაწყდა, რომ გაიმართოს აქცია, სადაც ჩვენი მოქალაქეები გამოვლენ და დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება. როცა ვსაუბრობთ მოსახლეობის უმრავლესობაზე, ეს უმრავლესობა ვერ იქნება გაჩუმებული. ამიტომ 29 აპრილს ყველას ვიწვევთ, მოვიდნენ რუსთაველზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ამ საკითხზე და, ზოგადად, იმ საკითხებზე, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით.
„ზოგადად, ეს დიდი სახალხო ღონისძიება იქნება, სადაც იქნებიან საქართველოს მოქალაქეები. ეს არის მომენტი, როცა ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, რა უნდა ჩვენს საზოგადოება, სად დგას. ის ერი, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა მოიტანა სისხლით და ბრძოლით, რომელიც 30 წელია, აშენებს ქვეყანას, რომელიც დღეს არის ერთ-ერთი მოწინავე როგორც დემოკრატიული განვითარებით, ისე ეკონომიკური ზრდის ტემპებით, ვართ მოწინავეები რეგიონში და რეგიონს მიღმაც, ამ ერს როცა აძლევენ მითითებებს, როგორი კანონი მიიღოს, ეს არის მომენტი, როცა საზოგადოებამ უნდა თქვას, საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ხალხი უნდა დაინახოს ყველამ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში ნათქვამია: „ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ 29 აპრილს ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას“.