შალვა პაპუაშვილი - მომავალი არჩევნები ოპოზიციის მხრიდან შინაარსისგან იქნება დაცლილი, მოლოდინია, რომ ოპოზიცია იქნება აგრესიული, ექსტრემისტული, ამას უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე, გააზრებული პოლიტიკა
მე მგონი, ყველა ხედავს, რომ, საბოლოო ჯამში, ოპოზიცია არის განადგურებული, მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩანს, რომ არანაირი სიახლის შემოთავაზება არ შეუძლიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მოლოდინია, რომ ოპოზიცია იქნება აგრესიული, რადიკალური და ექსტრემისტული, რასაც, მისივე თქმით, სიმშვიდე და გააზრებული პოლიტიკა უნდა დაუპირისპირონ.
„ვერანაირად ვერ გამოდიან იმ დახურული წრიდან, სადაც, უკვე წლებია, ერთი-ორი თემით არიან ჩაკეტილი და ამ ორი თემის გარშემო ტრიალებენ. ხან რუსეთს გაიძახიან, რუსეთი, სააკაშვილი არის მთელი მათი საკითხები. მომავალი არჩევნები ოქტომბერში, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ოპოზიციის მხრიდან დაცლილი იქნება შინაარსისგან, რაც, მეორე მხრივ, ქმნის საფრთხეს. ოპოზიცია როდესაც სუსტია, თავისი სისუსტის გამო კუთხეშია მიმწყვდეულია და არ აქვს თემები, რისკი, რომ აირჩიონ რადიკალური გზა, არის მაღალი. ამას ჩვენ ვხედავთ ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, ამიტომ მოლოდინი არის, რომ ოპოზიცია იქნება აგრესიული, რადიკალური, ექსტრემისტული, ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე, გააზრებული პოლიტიკა, ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებზე დაყრდნობით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციაში იდეების და ადამიანური რესურსების კრიზისია.
„კრიზისი თუ სადმე არის, უპირველეს ყოვლისა, ქართულ ოპოზიციაში. იდეების კრიზისი, ადამიანური რესურსების კრიზისი და ყველაზე მთავარი კრიზისი ოპოზიციაში არის, რომ ისინი დგანან არა ქართული ინტერესების სადარაჯოზე, არამედ ემსახურებიან სხვა ქვეყნების პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს. საბოლოო ჯამში, გაერთიანებული ძალებით დამარცხდებიან“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.