შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, უკრაინას საქართველოში წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი, იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო კასიანოვს გაესაუბრება
უკრაინას საქართველოში უნდა წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი, იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო კასიანოვს გაესაუბრება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კასიანოვის განცხდების შეფასებისას აღნიშნა.
პაპუაშვილის თქმით, უკრაინის რადას ხელმძღვანელისგან მიიღო მადლობა მხარდაჭერისთვის, რასაც აფასებს.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის შიგნით ოპოზიციის ნაწილი და უკრაინაში გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, რომ უკრაინა და საქართველო ერთმანეთს გადაკიდონ.
„მე გუშინ მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან, უკრაინის რადას ხელმძღვანელთან, მივიღე მადლობა მისი მხრიდან ჩვენი მხარდაჭერისთვის. ეს არის, რასაც მე ვაფასებ. უკრაინის საელჩოს ცალკეული წარმომადგენლის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრება მას. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ პერიოდში, უკრაინას საქართველოში წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია მხოლოდ ერთი რამით, რამენაირად გადაკიდოს ერთმანეთს უკრაინა და საქართველო. სამწუხაროდ, არიან ჯგუფები უკრაინაშიც, რომლებიც ცდილობენ, რომ გადაკიდონ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო, მაგრამ მე მიხარია, რომ უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტს შორის არის თბილი ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ეს დავამტკიცეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა: „ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“. აღნიშნული კომენტარი კასიანოვმა გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების თაობაზე, რომ რუსეთს ომში უპირატესობა აქვს.