შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქართველმა გავიხსენოთ ის ერთიანობა, რომელიც ეროვნული მოძრაობის წლებში გვქონდა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ლოტბარის, ანზორ ექომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ანსამბლ „მართვეს“ წარმატებები გაიხსენა.
„ეს მწუხარება ჩემთვის ორმაგია. ერთი მხრივ, მე, როგორც ქართული საზოგადოების წევრი გამოვთქვამ მწუხარებას, რადგან მან პირადად შემინარჩუნა ქართული ფოლკლორი და მისი პირადი ღვაწლი და წვლილია იმაში, რომ ქართული ფოლკლორი ამ სახით გვაქვს დღეს. მეორე მხრივ, ვარ ადამიანი, რომელმაც სკოლის ასაკი განვლო ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაფუძნებულ ფოლკლორულ ანსამბლში „მართვე“. ეს იყო წლები, როდესაც მისგან ქართული ფოლკლორისა და კულტურის მიმართ სიყვარული შევითვისე და ეს იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წლები, როდესაც ერთსულოვნება და შემართება იყო ჩვენს საზოგადოებაში. 1990 წელს ჩვენ, ანსამბლი „მართვე“ ვიმყოფებოდით იაპონიაში. მაშინ საქართველო ჯერ კიდევ არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა და მახსოვს, როგორ ვაფრიალებდით სცენაზე დამოუკიდებელი საქართველოს დროშას და ვმღეროდით „მრავალჟამიერს“. სამწუხაროდ ეს შეგრძნება, რომელიც ყველას გვქონდა, წლების განმავლობაში გაიფანტა. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ქართველმა გაიხსენოს და აღნიშნოს ის ერთიანობა, რომელიც გვქონდა, ემოციურად დავიმუხტოთ ამ ერთიანობით და ასე გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
80 წლის ასაკში ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ანზორ ერქომაიშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.