შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა, ასევე მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბება, როგორ ვხედავთ ოჯახურ ღირებულებებსა და სამართლებრივ ჩარჩოს ქართულ კანონმდებლობაში
ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა უფლების დაცვის შესახებ კანონის პროექტის ინიციატივა მოდის იმ გამოწვევებიდან, რომელიც დღეს არსებობს ლგბტ პროპაგანდის მხრივ და ემსახურება იმას, რომ, განსაკუთრებით, არასრულწლოვნები დაცული იყვნენ პროპაგანდისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსთავში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს უფლებრივი და პროპაგანდის საკითხები.
„საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია აგრძელებს შეხვედრებს რეგიონებში. ჩვენ ამ დღეებში მოქალაქეებთან ერთად რუსთავში, თელავში, ბორჯომსა და გორში განვიხილავთ კონსტიტუციური კანონის პროექტს ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა უფლების დაცვის შესახებ, გვექნება დეტალურად მსჯელობა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორც იცით, ეს ინიციატივა მოდის იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არსებობს ლგბტ პროპაგანდის მხრივ და ემსახურება სწორედ იმას, რომ, განსაკუთრებით, არასრულწლოვნები დაცული იყვნენ პროპაგანდისგან. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ყოველი განხილვის დროს, რომ მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს ერთმანეთისგან უფლებრივი საკითხები და პროპაგანდის საკითხები. უფლებრივი მხრივ, ქართული კანონმდებლობა სრულად არის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული. რაც შეეხება პროპაგანდის შეზღუდვას, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ უფლებებიდან, მათ შორის არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პროპაგანდის შეზღუდვა, ასევე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციების ჩამოყალიბება ქართული საზოგადოების, როგორ გვინდა და როგორ ვხედავთ, ზოგადად, ოჯახურ ღირებულებებს და მის სამართლებრივ ჩარჩოს ქართული კანონმდებლობის პირობებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.