შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია გამოძიება, დადგენა, დოკუმენტების შეკრება, რომ ადრე თუ გვიან ყველა დამნაშავე დაისაჯოს, მათ შორის, თამაზ გინტურის მკვლელებიც
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია გამოძიება, დადგენა, დოკუმენტების შეკრება, რომ ადრე თუ გვიან ყველა დამნაშავე დაისაჯოს, მათ შორის, თამაზ გინტურის მკვლელებიც

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რა რეაგირება მოახდინა საქართველოს ხელისუფლებამ გინტურის მკვლელობის შემდეგ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია გამოძიება, დოკუმენტების შეგროვება, რათა ადრე თუ გვიან ყველა დამნაშავე დაისაჯოს, მათ შორის, თამაზ გინტურის მკვლელებიც.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ გამოძიება. გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდული იურისდიქცია გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ აღარ ვისაუბროთ რუსეთის ტერიტორიაზე, რთულია მტკიცებულებების მოპოვება, შეგროვება და გამოძიების წარმოება, მაგრამ ჩვენ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია სამართლებრივი მექანიზმების დაწყება. საბოლოო ჯამში, ამ დოკუმენტების შეკრების შედეგად იყო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, იქნებოდა ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში თუ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საბოლოო ჯამში, მიეღწია მართლმსაჯულებისთვის. მართალია, აღსრულება შემდეგ ფერხდება ხოლმე, მაგრამ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამოძიება, დადგენა, დოკუმენტების შეკრება, რომ ადრე თუ გვიან ყველა დამნაშავე დაისაჯოს, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელებიც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, თამაზ გინტურის მკვლელების საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუცია მისასალმებელია.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, ვითხოვთ მკვლელების დასჯას. ამ მხრივ, თავისთავად მისასალმებელია ევროპარლამენტის რეზოლუცია, როდესაც ევროპარლამენტი ამას აქცევს ყურადღებას. მართალია, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ცხინვალის რეგიონთან მიმართებით ვხედავთ სიტყვას „ოკუპაციას“, თუმცა, სამწუხაროდ, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ჯერ კიდევ არ გამოიყენება ტერმინი „ოკუპაცია“, რაც რეალობის მიმართ თვალის დახუჭვაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე რეზოლუციაში რაც დამკვიდრდა, დამკვიდრდეს ოფიციალურ დოკუმენტებშიც. გახსოვთ, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო სამ რეზოლუციაში პირდაპირ დეზინფორმაცია შეიტანა, რაც საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ ძალას უკარგავენ ასეთ რეზოლუციებს, რაც სამწუხაროა. ამით ასეთი დოკუმენტების დისკრედიტაციას ახდენენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილს კიდევ ერთი კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ „ლელო“ პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტით რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ლელოს“ ხელმძღვანელების მოჩვენებითი პატრიოტიზმი არასერიოზულობაა.

„საერთო ჯამში, „ლელოსთან“ დაკავშირებით რაიმე სერიოზული განცხადებების გაკეთება რთულია. მათ რუსი, რუსეთი აკერიათ პირზე, რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს არის პოლიტიკურად მომგებიანი ნიშა, ყოველ მეორე წინადადებაში ამაზე საუბრობენ. თუ ვინმე არიან რუსული სტილის პოლიტიკოსები საქართველოს პოლიტიკაში, უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან „ლელოს“ ხელმძღვანელები, რომლებიც თავის დროზე პარტიული საბჭოთა ნომენკლატურა იყვნენ, მოსკოვი იყო მათთვის ცენტრი, დღეს ჰგონიათ, რომ ვაშინგტონი არის ცენტრი, ან ერთმანეთში ერევათ საბჭოთა რეჟიმი და აშშ-ის დემოკრატია. სხვა დედაქალაქებს უყურებენ ისე, როგორც ადრე საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები უყურებდნენ მოსკოვს. ამიტომ, საერთო ჯამში, ეს არის კომპლექსები, რომლებიც აქვთ შიგნით რუსეთთან, მოსკოვთან დაკავშირებით და ამ კომპლექსების გარკვეული პროექციაა ქართულ პოლიტიკაზე. ამიტომ ზედმეტი, მოჩვენებითი პატრიოტიზმი არასერიოზულია. ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები ცდილობენ, პატრიოტული ტალღა დაგვანახონ. ეს აბსოლუტური ფარისევლობაა და მათ არავინ დაუჯერებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.