შალვა პაპუაშვილი -  მივმართავ ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას, პირად საუბრებში რომ არ ეთანხმებით „გრასის“ პოზიციებს და სერგი კაპანაძე არ მიგაჩნიათ „ენჯეოდ“, თქვით ხმამაღლა
შალვა პაპუაშვილი -  მივმართავ ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას, პირად საუბრებში რომ არ ეთანხმებით „გრასის“ პოზიციებს და სერგი კაპანაძე არ მიგაჩნიათ „ენჯეოდ“, თქვით ხმამაღლა

სრული დეჟავუ არის შარშანდელი ივნისის მდგომარეობის, თუ გავიხსენებთ, შარშან, კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა, მდიდარი „ენჯეოების“ წარმომადგენლებმა დაწერეს სტატიები, რომ საქართველოს არ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, უნდა მიენიჭოს მხოლოდ პერსპექტივა და ვნახეთ შემდეგ მცდელობები მთავრობის გადაყენების და „ენჯეოების“ ჩართულობისა მთავრობის ფორმირებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ქართული ანალიტიკური ცენტრის, GRASS-ის დამფუძნებელისა და გამგეობის თავმჯდომარის, ყოფილი დეპუტატის, სერგი კაპანაძის  „ევროაქტივში“ გამოქვეყნებულ წერილზე, სადაც კაპანაძე აღნიშნავს, რომ სტატუსის მისაღებად ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციები და სააკაშვილის დაკავების პრობლემის მოგვარებაც უნდა მოითხოვოს.

„დღესაც ვხედავთ ზუსტად იმავე ნაბიჯებს. ამ შემთხვევაში „გრასი“, რომელიც გახლავთ, სხვათა შორის, ერთ-ერთი მონაწილე სტატუსმეტრისა, პირდაპირ ამბობს, რომ ევროპამ მხოლოდ იმ პირობით უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუ იქნება მოთხოვნილი სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა, ანუ მისი გათავისუფლება და თუ მოითხოვენ საქართველოსგან, რომ დაუწესოს სანქციები რუსეთს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „გრასი“ პირდაპირ ითხოვს, რომ საქართველომ რუსეთს დაუწესოს სანქციები, ანუ შეიყვანოს საქართველო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების და ეკონომიკური კოლაფსის რისკში. ამას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვები არ გამიჯვნიან, როგორც ვატყობ, ამიტომ  მნიშვნელოვანია, რომ სხვების პოზიციაც მოვისმინოთ.

გარდა ამისა, „სოროსის ფონდის“ ხელმძღვანელი სულ ახლახან, სექტემბერში გამართულ კონფერენციაზე ამბობდა, რომ ისინი ევროპელებთან კომუნიკაციის დროს ხაზგასმით ითხოვენ, რომ თუ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მიენიჭოს ისე, რომ ხაზი გაესვას, რომ ამაში ხელისუფლების დამსახურება არ არის. ამას აკეთებენ ელიტური „ენჯეოები“, რომლებიც ამავე დროს არიან სტატუსმეტრის შემდგენლები.

ამაზე მეტი ანტიქართული ქცევა რა შეიძლება იყოს, როდესაც ევროკომისია ამბობს, რომ სამი რეკომენდაცია არის შესრულებული და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთი რეკომენდაციაა მხოლოდ შესრულებული და, უფრო მეტიც, შეუსრულებელ რეკომენდაციად ისინი თვლიან სახალხო დამცველის არჩევას. ზუსტად ეს ელიტური „ენჯეოები“ თავს ესხმოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ახდენდნენ ზეწოლას ოპოზიციაზე, რომ არ მიეცათ ხმა სახალხო დამცველის კანდიდატისთვის, რაც არის აბსოლუტური დარღვევა ყველანაირი ნორმების. თუ არ შესრულდა სახალხო დამცველის არჩევის რეკომენდაცია, რა ვქნათ ახლა? გამოდის, რომ ვერც ვერასდროს შევასრულებთ, ხომ? აბსოლუტურად გადაწურული აქვთ ქვეყნისთვის იმედი, რომ რეკომენდაციები შესრულდეს.

ამიტომ ეს არის ზუსტად ანტიქართული კამპანიის ნაწილი, რომელიც ჩვენ შარშან, ივნისში ვიხილეთ, როდესაც სტატიები იწერებოდა, აქციები იმართებოდა რამდენიმე ელიტური „ენჯეოს“ ორგანიზებით და ზუსტად იგივე ანტიქართული კამპანია არის რამდენიმე ელიტური „ენჯეოს“ მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას მიმართავს, ხმამაღლა დააფიქსირონ, რომ „გრასის“ პოზიციებს არ ეთანხმებიან.

„განსაკუთრებით მივმართავ ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას და არა ამ „ენჯეოების“ კლანს, რომელიც გრანტების 90%-ს, რამდენიმე მილიონს ფლობს და ხარჯავს საქართველოში. ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობოებს მივმართავ, ახლა მომენტია, ის კი არა, რომ ჩუმად, პირად საუბრებში ისაუბროთ და გქონდეთ პრეტენზიები ამ ელიტური „ენჯეოების“ მიმართ, არამედ თქვათ ხმამაღლა, რომ არ ეთანხმებით. პირად საუბრებში რომ ამბობთ, რომ არ ეთანხმებით სტატუსმეტრის შეფასებას, თქვით ღიად, რომ არ ეთანხმებით.

პირად საუბრებში რომ ამბობთ, რომ არ ეთანხმებით „გრასის“ პოზიციებს და სერგი კაპანაძე არ მიგაჩნიათ „ენჯეოდ“, ადამიანი, რომელიც ორჯერ იყო პოლიტიკაში, ორჯერ იყო არასამთავრობო სექტორში და მაინცდამაინც ის უნდა იყოს წარმოჩენილი არასამთავრობო სექტორად, თქვით საჯაროდ, რომ არ მიიჩნევთ მას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლად. ეს არის, რაც დღეს მოეთხოვება არასამთავრობო სექტორს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.